რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს და ამით რუსულ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა, რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ და ამბობენ, რომ დასავლეთის ბრალდებები რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი ევროკავშირის მიერ სანქციებს უპირისპირდებიან, რომელიც, მათი თქმით, „ცრუ და უსაფუძვლო საფუძველს“ ეყრდნობა. „ავენი არის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი ოლიგარქი“ და ფრიდმანს „რუსეთის მთავარ ფინანსისტთა დამხმარეს და პუტინის ახლო წრის წარმომადგენელს უწოდებენ“, - განაცხადა ევროკავშირმა. „მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი გაოგნებული არიან ევროკავშირის რეგულაციებში შეტანილი მიზანმიმართული ცრუ განცხადებებით, რომლებიც შექმნილია იმ საფუძვლის გასამართლებლად, რის საფუძველზეც ისინი სანქციებს დაექვემდებარნენ“, - აცხადებენ რუსი ბიზნესმენები. ამ ყველაფრის საპასუხოდ, ავენმა თქვა, რომ არასწორი იყო ევროკავშირის მიერ იმის თქმა, რომ ის იყო „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის "განსაკუთრებით ახლო პირადი მეგობარი". ფრიდმანმა კი თქვა, რომ ინფორმაცია, მისი ძლიერი კავშირების შესახებ პუტინის ადმინისტრაციასთან, სიმართლეს არ შეესაბამება. ორივემ განაცხადა, რომ არასწორია იმის მტკიცება, რომ ისინი იყვნენ „რუსეთის მთავრობის არაოფიციალური ელჩები“ ან, რომ ისინი მხარს უჭერდნენ, ან სარგებელს იღებენ რუსი პირებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის დესტაბილიზაციაზე. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო. უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკასა და რუსი ოლიგარქების ქონებას.
კომენტარი