მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.
მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით. 2000 წლიდან მიეცა. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია – შობის ღამეს სარკმელთან ვანთებთ სანთელს და მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ ჩვენს გულებში. შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლებით ეგებებიან მართლმადიდებელი მორწმუნეები ყრმა იესოს, რომლისთვისაც ოცდაერთი საუკუნის წინ არცერთი სახლი და სასტუმრო არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა.
წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება.
„ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:
არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები…
საშობაო მსახურება ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე დაიწყო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II აღასრულა.
კომენტარი