სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური სკანდალის ასაგორებლად ხუდონი მშვენიერი თემაა

სპეციალისტები ხუდონჰესს ქართული ენერგეტიკის საბაზისო პროექტად მიიჩნევენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ამ რესურსის აუთვისებლად ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა, ხოლო მის გარეშე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი შეუძლებელია.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსათვის სხვადასხვა საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციების გაწევას გულისხმობს. კერძოდ, აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების დამუშავებასა და განხილვის პროცესებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი.

მაგ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ როგორც მოქალაქე და ამ საკითხით დაინტერესებული პირი, მშვენივრად ვხედავ, რომ საქართველოს არასაკმარისი ენერგია აქვს. ენერგეტიკის მინისტრმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა განპირობებულია ენერგოდამოუკიდებლობით. ყველა ხედავს, რაც ხდება მსოფლიოში. მთელი ევროპა რუსეთს უყურებს თვალებში, იმიტომ რომ დიდი ენერგორესურსების მატარებელია და ეს პოლიტიკაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ამიტომ თუ ჩვენ ვიქნებით ენერგოდამუკიდებლები და ჭარბი ენერგია გვექნება, ეს ნამდვილად მისასალმებელია. ასევე არასწორია, როდესაც ეწინააღმდეგებიან ელექტროენერგიის გაყიდვას. ენერგია ისეთი რამაა, რომელსაც ვერ შეინახავ, ვერ დაასაწყობებ. ამიტომ ზაფხულობით, როდესაც ჭარბი ენერგიაა, ის იქცევა ვალუტად. ზამთრის პერიოდში ჩვენს ქვეყანას ელექტროენერგია რომ არ ჰყოფნის, ამას ლაპარაკი რად უნდა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანებმა საცხოვრებელი ბინები იაფი ენერგიით გაათბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მალე ტყის მასივების გარეშე დარჩება.

შემუშავებული უნდა იქნას სწორი სტრატეგია, რომელზედაც ქვეყნის ხელისუფლება უკვე მუშაობს. მცირე ჰესებიც უნდა აშენდეს და დიდი ჰესებიც. სრული სიცრუეა, როდესაც ამბობენ, ევროპამ დიდი ხანია უარი თქვა დიდი ჰესების მშენებლობაზეო. შვეიცარიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს დიდი ჰესების მშენებლობა.

დღეისათვის გაცილებით მეტს კამათობენ არა ჰესის ენერგოეფექტურობაზე, ან ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივებზე, არამედ იმაზე, რომ მისი მშენებლობა გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს და ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მწვავე ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების პრობლემაა, რომელზედაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები აპელირებენ.

ცივილიზაციის განვითარება და ტექნიკური პროგრესი ითხოვს, რომ რიგ შემთხვევებში უნდა მოხდეს ერთგვარი ‘’მსხვერპლშეწირვა’’, რაღაც აუცილებლად უნდა დათმო. თუ ამას ანგარიში არ გავუწიეთ, მაშინ შუა საუკუნეების ევროპაში როგორიც იყო ცხოვრება, ისე მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. ისინი სრულად უნდა დაკმაყოფილდნენ. წინაპრების საფლავების პატივისცემა ქართველი კაცის ერთ–ერთი დამახასიათებელია, ამის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სამამულო ომის შემდეგ ქერჩიდან გადმოიტანეს საქართველოში საფლავები და ახლა აქ დასტირიან დაღუპულ გმირებს. ამაში არანაირი მკრეხელობა არ არის, მაგრამ ნეშტების გადასვენების პროცესი კარგად უნდა იქნას მოფიქრებული, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. მათ ღირსეული კომპენსაციაც უნდა მიიღონ. ინვესტორმა მათ უნდა აუშენოს სახლები, შესთავაზოს უკეთესი პირობები ვიდრე აქვთ და რა თქმა უნდა ელექტროენერგია შეღავათიან ფასად.

რაც შეეხება ეკოლოგიურ ცვლილებებს, ამაზე არსებობს დასკვნა და ხუდონის აშენება ამ მიმართულებით ცვლილებებს არ გამოიწვევს. იქვეა ენგურჰესი, რომლის პარამეტრებიც მნიშვნელოვნად აღემატება ხუდონს და რაც მოსახდენი იყო, უკვე მოხდა – ასე ამბობენ დარგის სპეციალისტები.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც ხელოვნურად ამწვავებენ სიტაციას?

უმაგისოდ არც იქნებოდა. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ გარკვეული პოლიტიკის გარეშე ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტი ვერ განხორციელდება. მოსახლეობამ უნდა ისწავლოს, რომ მოუსმინოს არა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ და აღძრულ მოსაზრებებს, არამედ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების ნააზრევსა და დასკვნებს. დღეისათვის, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება ამა თუ იმ საკითხზე პოლიტიკური სკანდალის აგორება, ხუდონი კი ამისათვის მშვენიერი თემაა.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ხუდონჰესის მშენებლობის თემა გახდა მრავალათასიანი მიტინგების მიზეზი. მაშინდელ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად განსაკუთრებით აქტიურობდა ‘’მწვანეთა მოძრაობა’’, რომლის ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ საკუთარი შეცდომა აღიარა.

როდესაც ცხონებული ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მოღვაწე გახდა, მაშინ აღიარა, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვიო. ხუდონის მშენებლობაში უკვე საკმაოდ დიდი თანხებია ჩადებული და ეს ჰესი ნახევრად აშენებულია. ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ ეს თანხები წყალს გავატანოთ!

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი?

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი. პრემიერ–მინისტრთან შეხვედრისას გვქონდა ამ თემაზე საუბარი. ალბათ კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი ჩაერთვება ამ პროექტში, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად გაიაზროს საკითხის მნიშვნელობა. მავანნი ამბობენ, რომ საქართველო არ უყვართ მათ, ვინც ხუდონის მშენებლობის მომხრეა, მე კი ვიტყვი, რომ ქვეყნის ავის მოსურნეა ის, ვინც არ ფიქრობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100