„აზოტის“ დირექტორის მარკ კაცნელსონის განცხადებით, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს
საქართველოს უმსხვილესი სამრეწველო საწარმოს, „რუსთავის აზოტის“ დირექტორი მარკ კაცნელსონი აცხადებს, რომ ხუდონჰესის პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჰესი ერთმნიშვნელოვნად უნდა აშენდეს.
ბიზნესმენის შეფასებით, იმ აჟიოტაჟში, რაც ახლა ამ პროექტის გარშემო მიმდინარეობს, განსაკუთრებული და უჩვეული არაფერია.
,,ასეთი სახის აჟიოტაჟი აუცილებელი თანმდევი პროცესია, რომელიც თან ახლავს არა მარტო მსხვილი ჰესების, არამედ ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობას. ასეთ სიტუაციებში პრობლემებიც ერთნაირია, იქნება ეს ბრაზილიაში, უკრაინაში თუ ამერიკაში. არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც წინააღმდეგი გამოდის ასეთი მასშტაბის პროექტების მშენებლობის და თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქედან მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს.
არიან ეგრეთ წოდებული ლობისტები, რომლებიც დგანან ამ ხალხის უკან და ასევე სარგებლობენ შექმნილი ვითარებით და ცდილობენ „თავისი კუში“ მიიღონ. და ბოლოს არის ინვესტორი, რომელიც არ უნდა დაფრთხეს და უღირდეს პროექტის მშენებლობა კომპენსაციების გაცემად. არასდროს, არც ერთი სახელმწიფო არ ამბობს უარს იმ პროექტების მშენებლობაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მაგრამ თანამდეროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ისედაც ასეა.
გარდა ამისა, პრობლემა არის ერთადერთი, რომ მიღწეულ იქნას კომპრომისული ვარიანტი ანუ ოქროს შუალედი, ინვესტორს, ადგილობრივ მოსახლეობას და სახელმწიფოს შორის ისე, რომ არავინ დარჩეს დაზარალებული და კომპენსაციაც იყოს ღირსეული და რაც მთავარია, გონივრული. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ დაიცვას ბიზნესი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დაცვას და გაძლიერებას ნიშნავს“,-განაცხადა მარკ კაცნელსონმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი მოლაპარაკებები ჩიხში შედის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ყიდულობს ადგილობრივი მოსახლეობისგან მიწებს და შემდეგ ინვესტორს საბაზრო ფასად აძლევს. მაგრამ, კაცნელსონი იმედოვნებს, რომ „ხუდონჰესის“ შემთხვევაში ასეთ რადიკალურ ქმედებებამდე საქმე არ მივა.
კომენტარი