სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერის თეორიები: კობახიძე ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმაზე ალაპარაკდა

საქართველოს პრემიერი სკანდალურ თეორიას ავითარებს - დღეს ირაკლი კობახიძემ იერიში ოპოზიციაზე მოიტანა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა გამორიცხული არ არის.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ამ სცენარის ავტორი რადიკალური ოპოზიციაა, მიზანი კი სიტუაციის არევაა.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზეც და აღნიშნა, როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ „ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული“.

როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული. ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში, სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულის წუხილის მიზეზია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გარდა რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომელზეც თავდასხმა კოლექტიურ "ნაცმოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული. ვაფრთხილებთ, ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში მსჯელობენ იმგვარი სცენარის განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოებაში მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება. ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ.


კობახიძემ დღეს ასევე 2016 წელიც ახსენა, როცა მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერი მანქანაში ააფეთქეს.

ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით, ასევე ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება. თქვენ გახსოვთ რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბარიც არის ოპოზიციონერი პარტიების შიგნით, რაზეც ჩვენ მრავლად მოგვდის ინფორმაცია. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად გამოდის ინფორმაცია. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციონერი პარტიებიდან და გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი სხვადასხვა პარტიაში შესაძლო პროვოკაციებზე. მიზეზი მარტივია, მათი ჯამური რეიტინგი დღეს არის დაახლოებით 25%-ია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100