„ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები“ – ექიმის ფეხმძიმეებს აფრთხილებს
ყველა ორსული, ორსულობის ვადის მიუხედავად უნდა დარჩეს სახლში. გათავისუფლდეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისაგან, სანამ პანდემიის ეს ტალღა გადაივლის და შეუნარჩუნდეს ხელფასი, – ამის შესახებ ექიმი თამუნა გოდერიძე აცხადებს და ფეხმძიმეებს შემდეგი რჩევა-რეკომენდაციებით მიმართავს:
„მიუხედავად მოწოდებისა, რომ ისინი უნდა აიცრან, უმეტესობა მათგანი არ იცრება სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული პირველი დოზა კი სრულად ვაქცინირების შემთხვევაში შედეგს 6 კვირის შემდეგ იძლევა, ეს დრო საკმაოდ ბევრია და დაინფიცირების რისკი კი უზარმაზარი.
რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი? ორსულებში იმუნური სისტემა ისედაც რთულ რეჟიმში მუშაობს და ახალ დაავადებასთან გამკლავება უჭირს. ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები. ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური – აქტიური კოვიდის დროს გამოვლენილი სისუსტე და იმობილიზაცია კი ამძიმებს მდგომარეობას.
ორსულობის გვიან ვადაზე ისედაც შემცირებულია ფილტვების სრულყოფილად გაშლა, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მეტად ქმნის ჟანგბადის ცვლის პრობლემას. ორსული ნამდვილად 2 სულია ერთად და ორმაგი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ორსულები უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საკუთარი თავის და შვილის სიცოცხლეს, ამიტომ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხთან კონტაქტისაგან, აიცრან უკვე ავტორიზებული ვაქცინით, ისეირნონ მხოლოდ სუფთა ჰაერზე და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.
ორსულობა ავადმყოფობა არ არის – ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ კოვიდის პიკის დროს ავადმყოფზე მეტი გაფრთხილება ორსულს სჭირდება“, – წერს ექიმი.
კომენტარი