საყდრისის კომიტეტის წევრები მოითხოვენ, ნაყოფიამ დაასახელოს, სად, როდის და რა შემადგენლობით შეხვდა კომიტეტს
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები კაზრეთის იმ მაცხოვრებლების განცხადებებს ეხმაურებიან, რომლებმაც დღეს განაცხადეს, რომ კომიტეტის საქმიანობას ემიჯნებიან.
კომიტეტის წევრების თქმით, დეპუტატ კობა ნაყოფიასთან შეხვედრის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ და იმ პირებს, ვინც დღეს განცხადება გააკეთეს, საერთოდ არ იცნობენ. რაც შეეხება ზურაბ მჭედლიძეს, როგორც კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, მას იცნობს და რომ ის ეკოლოგიის კუთხით იყო საკითხში ჩართული.
„ზურაბ მჭედლიძე, იმ ჯგუფის შემადგენლობაში იყო, რომელშიც მე, დათო გულბანი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ ვიყავით. „არემჯისთან" ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებაზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას. ამ ეკოლოგიურ ჯგუფში ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველი, ამერიკელი ექსპერტები და ა.შ. გვინდოდა ეკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რათა იმ დაბინძურების მასშტაბები დადგენილიყო, რასაც ბოლნისის რაიონში ადგილი აქვს. ძალიან გამიკვირდა ზურაბ მჭედლიძე მომიტინგეთა შორის რომ დავინახე, ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე ის აქტიური არ იყო. თანაც ასე არ არის საქმე, რომ ჩვენ უნდა გამოგვეყოს და გაგვემიჯნოს. ეკოლოგიური ჯგუფი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც საიდანღაც ვიღაც უნდა გამოეყოს. ახლა მან ეს განცხადება თავის გამოჩენის მიზნით უფრო გააკეთა. დანარჩენებს კი, ვინც მასთან ერთად იყვნენ, საერთოდ არ ვიცნობ. თუ კაზრეთის მოსახლეობა გვიცხადებს უნდობლობას, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ნაყოფიასთან შეხვედრას, ახლა უკვე ოფიციალურად ვითხოვ, გამობრძანდეს კობა ნაყოფია და დაასახელოს: სად, როდის და რა შემადგენლობით შეგვხვდა და რა თემებზე ისაუბრა. მსგავს საკითხზე ინფორმაციაც არ მქონია. არ ვიცოდი, რომ ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო, რომ მცოდნოდა იქ ვიქნებოდი კიდეც“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
თავის მხრივ, კომიტეტის წევრი დათო გულბანი აცხადებს, რომ ზურაბ მჭედლიძეს ისიც იცნობს და საყდრისის საბადოს კონტექსტში მასთან ერთად ეკოლოგიის საკითხზე მუშაობდა. რაც შეეხება კობა ნაყოფიასთან შეხვედრას, გულბანის თქმით, შეხვედრაზე არც ის ყოფილა.
„ეს ადამიანი როგორც ადგილობრივი, ჩვენი კონსულტანტივით იყო, ანუ საზოგადოებისთვის უნდა მიეწვდინა ხმა, რადგან ჩვენ ადგილობრივები არ ვართ და გარკვეული კომუნიკაცია არ გვაქვს. თვითონ გამოიჩინა საყდრისის თემაში თავი, მაშინ ამბობდა, რომ არ უნდა დაინგრესო. ეკოლოგიის საკითხებზე ინფორმირებული იყო. ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ახლა ლაპარაკობს, რომ თურმე მისთვის რაღაც დაფარული იყო. ჩვენ ადგილობრივებთან სისტემატურად გვქონდა კონსულტაციები. რაც შეეხება ნაყოფიას საკითხს, მთლიანად კომიტეტი ნაყოფიას არასდროს არ შეხვედრია. კომიტეტიდან კი ვის შეხვდა, არ ვიცი. შეიძლება მისთვის მამალაძე ასოცირდება, როგორც კომიტეტი. ვიცი, რომ მამალაძე ნაყოფიას შეხვდა. ის ჟურნალისტი, დამოუკიდებელი ადამიანია. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ის ნაყოფიას ადამიანი შეხვდა. პირობითად მტერთან შეიძლება დაჯდომა და მოლაპარაკება. მე ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია არ მაქვს და ამას არ ვადასტურებ, რომ კომიტეტი ნაყოფიას ხვდებოდა. ზურას სალაპარაკო რატომ იყო ეს საკითხი, არ ვიცი. გეტყვით რეალურ ვითარებას: ზოგადად, ვინც აქტიურია და პროცესები გარკვეულწილად სწორი მიმართულებით მიყავს, რომ ეს კომპანია სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს, საზოგადოებასთან სწორი დიალოგი აწარმოოს, ყველა მათგანზე შავი პიარი მიდის. მე როგორც ვხვდები, მას ისეთი რამ შესთავაზეს, რომლისგანაც თავი ვერ შეიკავა და ასეთი დეზინფომაციის გავრცელება მოუწია. ყურმოკვრით რაღაც გაიგო, გამოხვიდე და ილაპარაკო, ასე არ არის. მჭედლიძე შეეძლო თუნდაც იმ ეკოლოგიის ჯგუფზე ელაპარაკა, რომლის საქმიანობაში თავადაც ჩართული იყო“, - აღნიშნა გულბანმა.
რაც შეეხება აღნიშნულ თემაზე კომიტეტის წევრ ირაკლი მამალაძეს, რომელიც ნაყოფიას პირადად შეხვდა, მამალაძე აღნიშნავს, რომ თუ კაზრეთის მოსახლეობას პრეტენზიები აქვს, შეუძლიათ ნაყოფიას თავადაც შეხვდნენ.
„ვიცი, რომ მჭედლიძე მოდიოდა და ეკოლოგიის კუთხით აქტიურობდა. სამწუხაროდ, მე ეკოლოგიასთან დაკავშირებით კარგად ინფორმირებული არ ვარ. მე უფრო ძეგლის დაცვის კუთხით ვაქტიურობდი. რაც შეეხება ნაყოფიასთან შეხვედრას, ის მათი მაჟორიტარი დეპუტატია, თუ უნდათ დღესვე შეუძლიათ შეხვდნენ. ჩვენ ნაყოფიასთან შეხვედრა რომ გვქონდა, ის ადამიანი თვითონ დაგვიკავშირდა. მანამდე ჩვენ მისი მისამართით პრეტენზიები გამოვთქვით და ამის შემდეგ დარეკა და შეხვედრა გვთხოვა. მან შეხვედრაზე თქვა, რომ ძეგლის დანგრევას არ ემხრობოდა. ჩემდა გასაოცრად ასეთი პოზიცია დაიჭირა. სხვა არაფერი ყოფილა. თუ ადგილობრივებს პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ ნაყოფიას შეხვდნენ, მათი მაჟორიტარი დეპუტატია და მათ აირჩიეს. ჩვენ ყველას ვხვდებით, საყდრისთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველასგან ვიღებდით. რაც შეეხება ადგილობრივებს, სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის პასიურობდნენ. მათი დიდი ნაწილია იქ დასაქმებული და მე მესმის მათი პოზიცია. ჩვენ ამ ადამიანებთან კონფრონტაციაში არ შევალთ. ვიცით მათი პოზიცია და წუხილი“, - განაცხადა მამალაძემ.
შეგახსენეთ, რომ კაზრეთის მაცხოვრებლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი საყდრისის დაცვის კომიტეტისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ საქმიანობას ემიჯნებოდნენ.
კომენტარი