მომხმარებლები "გალფს" თაღლითობასა და "უხარისხობაში" ადანაშაულებენ, კომპანია ბრალდებას უარყოფს
საწვავის
გაძვირების პარალელურად, "გალფის" მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები
იზრდება. გარდა იმისა რომ გაიაფების ნაცვლად, "გალფის" პრემიუმის ფასი
მკვეთრად "ავარდა", მომხმარებლებს ამ კომპანიის კეთილსინდისიერებასთან
დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები. თუმცა, კომპანია ყველა ბრალდებას უარყოფს...
სოციალურ
ქსელებსა თუ ფორუმებზე, განიხილება თემა იმის შესახებ რომ "გალფი"
იტყუება. ეს არაა ერთადერთი პრეტენზია, რომელიც მომხმარებლებს "გალფის"
მიმართ აქვთ...
მათი აზრით, "ბოლო დროს განსაკუთრებით შეინიშნება ის ფაქტიც რომ "გალფმა" ხარისხი შეამცირა. თუმცა, ფასები გაზარდა".
ტარიელ
ლომიძე "პრესა.ჯი"-ს: "ადრე "გალფის" აქტიური მომხმარებელი ვიყავი, მაგრამ
ახლა ვიცი რომ იტყუებიან და იქ აღარ ვყიდულობ საწვავს. გარდა იმისა რომ
"გალფი" იტყუება, ჩემი დაკვირვებით, ეგ კომპანია უხარისხო სწვავსაც
ჰყიდის".
"საქართველოში, მეტ-ნაკლებად ყველა გვატყუებს ლიტრაჟში,
მაგრამ ბოლო დროს "გალფმა" ძალიან ურცხვად დაიწყო მომხმარებელთა
შევიწროვება. ფასები აწიეს და ხარისხი დაწიეს. "გალფი" მატყუარა და
უხარისხოა"...", - აცხადებს ლევან ინასარიძე.
"რამდენიმე კვირის
წინ, სანაპიროზე "გალფში" 10 ლიტრი საწვავი ვიყიდე. თუმცა, შევამჩნიე რომ
10 ლიტრის ნაცვლად, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა, ტაბლოზე 9
ლიტრი მიუთითა და ერთი ლიტრი დამაკლო.
როგორც კი, მანქანიდან
გადმოვედი და საკმაოდ მკაცრად მოვთხოვე ახსნაგანმარტება, იკადრა და
"ლაფსუსი" გამოასწორა. მომხდარი კი გაუგებრობით ახსნა. მე მისი ქურდობა
შევამჩნიე, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა დროს წარმატებით მოვეტყუებინე?" -
ამბობს ქეთი ნაკაშიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიაში უარყოფენ. ნინო ჯიბლაძე, "გალფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
"ინფორმაცია, რომ "გალფი" მომხმარებელს ლიტრაჟობით ატყუებს, პირველად
მესმის. ამ ფაქტს ვერაფრით დაგიდასტურებთ. ჩვენ გვაქვს სპეციალური სისტემა,
რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ ნებისმიერ ლიტრზე,
რომელსაც ვყიდით.
მე მჭრირდება კონკრეტული წყარო, სად ნახეთ ეს ინფორმაცია. მოგვაწოდეთ კონკრეტული ფაქტები რომ მე გამოვიძიო ეს და შესაბამისი ზომები მივიღოთ.
თუ ადრე გვქონია ასეთი ერთეული შემთხვევები, ყოველთვის გაგვიცია კონკრეტული პასუხი. ისე, გეტვით რომ გვაქვს ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ ყველა ლიტრი, რომელსაც ვყიდით და შეგვიძლია ამოვყაროთ ეს ტრანსაქციები, თუ გაჩნდა ეჭვი".
ქალბატონი ჯიბლაძის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ "გალფისა" და სხვა მსგავსი კომპანიების ირგვლივ ინფორმაციის მოძიებას და დაინტერესების შემთხვევაში, კვლავ მივაწვდით მას და გამოვაქვეყნებთ საჯაროდაც.
კომენტარი