პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას“,- ამბობს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და იმავე წლის 20 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა.
მიუხედავად ამისა, 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის არსებითად განხილვისას, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რურუას მხრიდან მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა“.
გიორგი რურუას თანამოაზრეები და მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგანაც იგი „პოლიტიკური მითითებების შემსრულებელია“.
კომენტარი