ანტონ მარტყოფელი და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი
წმიდა ანტონ მარტყოფელი – ერთ–ერთი 13 ასურელ მამათაგან – ყოველ ფერწერულ ტილოზე თავის განუშორებელ მაცხოვრის ხატთან ერთად არის გამოსახული. VI საუკუნეში მან ჩამოგვიტანა საქართველოში ხელთუქმნელი კერამიონის ხატი!
თავისთავად საგულისხმოა ამ ხატის ისტორია:
იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს ედესის მმართველი იყო ავგაროზი. ავგაროზმა, რომელსაც მძიმე დაავადება სჭირდა, მაცხოვართან მხატვარი გააგზავნა და თან წერილიც გაატანა – მეფე სთხოვდა იესოს, რომ განეკურნა იგი. ამავე დროს, ავგაროზი იესოს ედესაში იწვევდა, რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.
ავგაროზის მიერ წარგზავნილმა მხატვარმა მაცხოვარი მართლაც ნახა, თუმცა იესომ ედესაში წასვლასა და შეთავაზებული თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. ავგაროზისგან მხატვარს დავალებული ჰქონდა, რომ თუ იესო ედესაში არ წამობრძანდებოდა, მაშინ მისი ხატი დაეხატა. მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვითაც განიკურნებოდა. მხატვარი შეეცადა, იესოს სახე დაეხატა, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მაცხოვარმა ტილო დაასველა და სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული და მაცხოვრის სახე ამ მანდილზე გადმოვიდა. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მას “პირი ღვთისა” ჰქვია.
მხატვარს მაცხოვრის ხატი წამოუღია, მოციქულ თადეოზთან ერთად ედესისკენ გზად მიმავალს, ქალაქ იეროპოლში ერთ-ერთი სასტუმროსთვის შეუფარებია თავი. სასტუმროს მფლობელი კერამიკოსი იყო და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მას ის ძვირფასი განძი, რომელიც მხატვარს მოჰქონდა, ქოთნებს შორის შეუნახავს, რათა უფრო დაცული ყოფილიყო. შუაღამისას საშინელი ჭექა-ქუხილი ამტყდარა, შეშინებული მხატვარი და სასტუმროს მეპატრონე წამომდგარან, რათა ენახათ, ავდარს “პირი ღვთისა” ხომ არ დაეზიანებინა, და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის სახე კეცზე გადასულიყო. ამრიგად, “პირი ღვთისა” ორია: ერთი კეცის, რომელსაც კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე – მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული.
ორივე ამ ხატის – კერამიონისა და მანდილიონის ისტორიები საქართველოს უკავშირდება.
რაც შეეხება მანდილიონის ხატს, ამ ხატმა ედესაში მეფე ავგაროზი განკურნა, ხოლო ედესაში დატრიალებული საომარი კოლიზიების შემდეგ, შორეული და ფათერაკებიანი გზები გამოიარა მთელ აზიასა და ევროპაში... მე–13 საუკუნის დასაწყისში მისი კვალი დაიკარგა, მაგრამ გადარჩა მანდილიონის ფიცარზე გადასული ხატი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. 1453 წლამდე ეს ხატი იმყოფებოდა კლარჯეთში, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, ხოლო1664 წლიდან – თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელსაც ხატის პირვანდელი ბინადრობის მიხედვით „ანჩისხატი“ ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების დროისათვის ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქის, კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათოლიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ “პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება.
კეცის ხატი კი წმინდა ანტონმა, ერეტიკოს ნესტორიანელებს წაჰგვარა და საქართველოში ჩამოაბრძანა. ნეტარ ანტონს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ – ზედაზენზეცა და კახეთშიც – განუშორებლად თან დაჰქონდა ასურეთიდან წამოყოლილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. საბოლოოდ წმიდა ანტონმა აკრიანის მთას შეაფარა თავი და იქ გამოქვაბული გააკეთა.
განმარტოების მოყვარულმა ანტონმა მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა მათთვის მონასტერი დააარსა, თავისთვის კი მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა ანტონი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებული მონასტრის ტაძარში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.
ხოლო რა ბედი ეწია მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს? ხელთუქმნელ ხატს, წმიდა მამის აღსრულების შემდეგ, სათუთად ინახავდნენ მონასტერში. ამ ხატს უამრავ სასწაულს მიაწერდნენ.
მონღოლთა შემოსევის დროს, მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა, მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს.
ვარაუდობენ, რომ ხატი ამჟამადაც იქ იმყოფება და ჟამისად ალბათ გამოაჩენს თავს! ამგვარი მოიმედეობა ქარაგმულად გამოსჭვივის წმიდანის ტროპარშიც:
„ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.“
მარტო მყოფ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გამოუგზავნა. ბერი თავადაც უვლიდა მათ და მათი რძით იკვებებოდა.
გაშეშებული ხელი
განმარტოებით ცხოვრების მოსურნე მამა ანტონმა აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დადგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან, ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ, მახლობელი სოფლის, ნორიოს მამასახლისი, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ეტყობოდათ, რომ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ანაზდად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა, თანაც – გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.
მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეკვეთათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი უმალ მამასახლისს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: “მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო”. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ქვამარილი წმიდა ანტონმა თავისი ირმებისთვის ითხოვა. გამოქვაბულში დაბრუნებული მით ირმებს გაუმასპინძლდა.
კომენტარი