ნოველა, რომელმაც მთელი ფეისბუქი აატირა
(არდაშელ თათქარიძის ნოველა ძიძა)
ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა. იმის მერე, ხელიდან არ გაუშვია:
- ღამის თენებებიო, მთელი ღამე წინ და უკან სირბილიო, ხან მაღალი ტემპერატურაო, ხან გაზებიო, ჩაბჟირებებიო, პირველი აღუო, მერე კბილების ამოსვლაო, პირველი სიტყვაო, პირველი ნაბიჯიო...
დაარიგეს - არ შეგიყვარდეს, მერე გაგიჭირდებაო! - ვერ გაუძლო, შეუყვარდა - თავს ერჩივნა - არა, უფრო მეტად - შვილივით შეუყვარდა.
***
ფიქრია ხვედელიძე ხაშურში დაიბადა, შეძლებულ ოჯახში. მამას კულინარიული საწარმო ჰქონდა გახსნილი - ნამცხვრებს აცხობდა და მაღაზიებში აბარებდა. საქმე კარგად აეწყო, თბილისიდანაც კი ჩადიოდნენ შეკვეთის მისაცემად. ოჯახი უზრუნველად ცხოვრობდა.
საქართველოში ბანკების ბუმი დაიწყო - ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით ახალგახსნილ ბანკებს. ანაბარზე 30%-იან სარგებელს პირდებოდნენ მოსახლეობას. მამამისს ფულადი დანაზოგი ჰქონდა, ის შეიტანა თბილისში, ბანკ "აჩიში". პირველ თვეს მიიღო სარგებელი. ნამცხვრებიდან ამხელა მოგება არ რჩებოდა, ამიტომ გაყიდა საწარმო და ის თანხაც, იგივე ბანკში, დეპოზიტზე დადო. ერთ თვეში სარგებელის ასაღებად რომ მივიდა, იმ ადგილას საპარიკმახერო დახვდა. ბანკი "აჩი" აორთქლებულიყო. გალურჯებული ჩავიდა სახლში, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. მალე, დედაც გარდაიცვალა. ძმამ სახლი და კარ- მიდამო მეზობელს მიჰყიდა და საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ფიქრიამ უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში გადმოვიდა ნაქირავებში. მამის ხელობა გამოადგა - დღე ლექციებზე დადიოდა, ღამე ნამცხვრებს აცხობდა და დილით "პეროვსკაიაზე" აბარებდა.
***
დედა ეჭვიანობდა
- ბავშვი მე აღარ მეკარებაო!
ბებია ითხოვდა
- გვერდზე დააწვინე, თორემ თავი გაუბრტყელდებაო!
პაპა ბუზღუნებდა
- გააჩუმეთ, ხელი მეშლებაო!
ნათესავი ჩიოდა
- ბავშვმა ჩემს შვილს ჩაარტყაო!
ვისაც არ ეზარებოდა, ზოგად მითითებებს აძლევდნენ
- ნუ ანებივრებო?!
- ბავშვი არ გააფუჭოო!
- ჭირვეულობსო!
ყველაფერი რომ მისთვის ემეტებოდა? მის ტირილზე რომ ეტირებოდა? მის სიცილზე რომ ცა იხსნებოდა? უნდოდა, ეყვირა
- რა თქვენი საქმეა, ჩემს შვილს, მე ვიცი, როგორც გავზრდიო! - მაგრამ არ შეიძლებოდა, დედობრივი გრძნობები უნდა მოეთოკა, არ უნდა გაემჟღავნებინა.
- ფიქია მინდაო! - ფიქრია იქ გაჩნდებოდა.
- ფიქია, ამიკანეო! - ფიქრიას ხელში აჰყავდა.
- ფიქია, ტააში მინდაო! - ფიქრიას სასეირნოდ მიჰყავდა.
კვირაში ერთი დღე ჰქონდა დასვენება. ვაი, ამ დასვენებას, თვალცრემლიანი დადიოდა - ბავშვი ენატრებოდა. შვებულებაში არ გადიოდა
- პატარა არ დამეჩაგროსო!..
***
ბოლო კურსი რომ დახურა, გათხოვდა - რუსთაველ ბიჭს გაჰყვა, თავისსავე კურსელს. ქმრის სახლში გადავიდა, რუსთავში, საძმო, ორსართულიან და ეზოიან სახლში. ქმარი თბილისში მუშაობდა, ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ბუღალტრად. სტაბილური, მაღალი ხელფასი ჰქონდა. ფიქრია სახლის საქმეს აკეთებდა. ცოტა ხანში, მაზლმა ქმარს უთხრა
- სახლი გავყიდოთ, ჩემი წილი მინდაო!
- კარგიო! - გაყიდეს სახლი, მაზლმა თავისი წილი აიღო და რუსეთში წავიდა. ამათ რუსთავშივე იყიდეს კორპუსის 4 ოთახიანი ბინა.
ერთ წელიწადში, მაზლი თავის ძმას მოადგა
- რუსეთში სესხს არ მაძლევენ, შენ გამოიტანე და ყოველთვიურად მე გადავიხდიო! - ბანკში ბინა ჩადეს და 40000 დოლარი სესხი გამოიტანეს. მოკიდა მაზლმა ფულს ხელი და ისევ რუსეთში გაიქცა. რა თქმა უნდა, არ გადაიხადა, დაიკარგა. ამასობაში, ის ორგანიზაცია დაიხურა და ქმარი უმუშევარი დარჩა. რა უნდა ექნათ? გააქირავეს თავისი 4 ოთახიანი და იმავე კორპუსში იქირავეს ერთ ოთახიანი ბინა. ცოტა ხანში, ბანკიც მოადგა. იდავეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა. აღებული ფული ძლივს ეყო ძირის და პროცენტის დაფარვას, თავისი საურავით. დარჩნენ უბინაოდ, ერთ ოთახიან ნაქირავებში.
გაზეთში გადააწყდა განცხადებას
- ვეძებთ ძიძას, ახალშობილისთვისო! - ასე მოხვდა წყნეთში, ერთ შეძლებულ ოჯახში - ძიძად. ბავშვის დედა დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და ყოველდღე ღამის 12 საათამდე სამსახურში იყო, მამა იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა - გაყიდვების მენეჯერად.
ნორმალური ხელფასი ჰქონდა, პირობებსაც არა უშავდა, კვება არ აკლდა. დიდი სახლის აბაზანიან, ვერანდიან, იზოლირეულ ოთახში ცხოვრობდა ბავშვთან ერთად. ასე გაიარა სამმა წელმა.
- ისრაელში გიშოვე ძიძის ადგილი, 1700 დოლარს იხდიანო! - შემოუთვალა ახლობელმა.
- უნდა წახვიდეო! - განაჩენი გამოუტანა ქმარმა.
- მერე, თაკოო!
- დაგავიწყდებაო!
***
- ფიქია მინდაო! - ასე იწყება ყოველი დღე.
- ფიქიამ მაჭამოსო, ფიქიამ მათამაშოსო, ფიქიამ დამაძინოსო!
- წავიდა შენი ფიქრიაო!
- მინდაო! - ტირის, სადღაა მომღიმარი თაკო. ძიძის ნაჩუქარ ნაჭრის დათუნიას ხელიდან არ უშვებს, ღამე მხოლოდ ფიქრიას ბალიშზე იძინებს, ზედ გული რომ არის ამოქარგული. გახდა, თვალები ჩაუცვივდა. ხშირად ავადმყოფობს. ექიმმა
- სისხლის ანალიზში ცვლილებებიაო! - ახლაც მაღალი სიცხე აქვს
- ფიქია, მიშველეო! - ბოდავს პატარა...
***
ახლა ისრაელშია. იქაურ ოჯახში ბავშვს ზრდის. თაკოსნაირად რომ აღარავინ შეუყვარდება, ეს ნამდვილად იცის. საწოლთან მისი სურათი უდევს. დილა-საღამოს კოცნის, თან ტირის, სურათს ცრემლის ლაქები ეტყობა.
- ფიქია, მიშველეო! - ჩაესმა ძილში. ლოგინიდან წამოვარდა...
***
სიცხისაგან გათანგულ ბავშვს დილით, ადრე გაეღვიძა. საწოლზე, მის ფეხებთან, ქალი იჯდა
- სიხარულოო! - ჩურჩულებდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
- ფიქიაო! - დაიკივლა პატარამ და ძიძას ჩაეკრა. ერთ საათში სიცხე გაუზომეს - თერმომეტრი 36,2 გრადუსს უჩვენებდა.
კომენტარი