სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთში მომხდარი მიწისძვრის დამატებითი დეტალები

გრინვიჩის დროით 16.50 საათზე ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ლორკასთან, მადრიდიდან 350 კმ-ს დაშორებით მომხდარმა მიწისძვრამ ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით BBC იუწყება.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 5, 3 ბალის მიწისქვეშა ბიძგები მხოლოდ ერთი მეტრის სიღმიდან ვრცელდებოდა და 120 კმ-ის რადიუსში ვრცელდებოდა.

ამ მიწისძვრამდე ერთი საათით ადრე, ამავე რეგიონში, 4,4 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ განმეორებითი მიწისძვრის დროს ძველმა შენობებმა რყევას ვეღარ გაუძლო.

ესპანურმა ტელევიზიამ უკვე გადასცა დანგრეული შენობების კადრები და ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო მაშველების მუშაობა სტიქიური უბედურების ზონაში. ერთ-ერთი სამოყვარულო კამერით ეკლესიის სამრეკლოს ჩამოქცევის კადრებიც იყო გადაღებული.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს და სკვერს, სტადიონს, სხვა გაშლილ ტერიტორიას მიაშურეს. ესპანეთის რადიოსთან ინტერვიუში ლორკის მერმა, ფრანსისკო ხოდარმა განაცხადა, რომ მსხვერპლი შენობების ნგრევამ გამოიწვია.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ სპეციალური განკარგულება გასცა და სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებთან ერთად არმიის დანაყოფები გაგზავნა.

ზოგადად, ესპანეთის სამხრეთი მაღალი სეისმური აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა, ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება. დღევანდელი მიწისძვრა ყველაზე ძლიერი და დამანგრეველია ბოლო 50 წლის განმავლობაში.

მურსიას პროვინციაში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა და ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100