ივანიშვილ-უსუფაშვილის „ტყუპისცალი“ ქართული საბჭოთა ოცნება (ვიდეო)
უკვე მერამდენედ გვიწევს აღნიშვნა, რომ პოლიტოლოგები, ექსპერტები და პოლიტიკური პერსონებით დაინტერესებული ფსიქოლოგები არამარტო იმას აქცევენ ყურადღებას, რას ამბობს ესა თუ ის პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსობის მსურველი პირი, არამედ იმასაც, თუ რა იმალება მათი წამონაცდენის მიღმა, რომელიც ხშირად ქვეცნობიერს, დაფარულ სურვილს გამოხატავს - იმას, რასაც პოლიტიკაში მოსული პირი ფიქრობს, მაგრამ გარემოებათა გათვალისწინებით, ჯერ არ ამბობს...
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენისთანავე გამოირჩეოდა ორიგინალური და ფრიად სენსაციური წამონაცდენებით. კაცმა რომ თქვას, დღევანდელი გადასახედიდან ამ წამონაცდენთა უმრავლესობა წამოცდენილი აზრი კი არა, კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილს უფრო ჰგავს: ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი მიმართვების დროს მიჩვეული იყო ბრძანებით კილოს, აშკარად ზედმეტი თავიდანვე მოუვიდა: როცა პირველ, ცნობილ ეპისტოლეში, ლამის იყო, მთელი საქართველოს ყიდვაზე ალაპარაკდა: „ვიყიდი ნებისმიერ, საინფორმაციო ფორმატის მქონე ტელევიზიას, გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტს...“; „ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელსაც პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლებენ, მივიღებთ ჩვენს შტაბში და დავუნიშნავთ იმაზე სამჯერ მეტ ანაზღაურებას, ვიდრე ძველ სამსახურში ჰქონდა“ და ა. შ.
მწყობრად ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის განხორციელება მილიარდერმა შემდგომშიც სცადა, ჩაიფუშა: ჯერ ერთი, სახელმწიფო სამსახურებმა მზაობა გამოავლინეს და ყველაფრის ფულით ყიდვის ივანიშვილისეულ სურვილს ფრთები კანონის ამოქმედებით შეაკვეცეს, მეორეც - საქართველო რუსეთი არ არის და აქ ივანიშვილმა ვერც განწყობა იყიდა ფულით, ვერც ამომრჩეველი. ამის შემდეგ მას იგივეს გაკეთება მოუწია, რასაც სხვას უკიჟინებდა: ალბათ, გახსოვთ, როგორ განაცხადა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეზე: რიტორიკის გადაწყობა მოუწევსო.
პასუხად ჟურნალისტმა განაცხადა, რომ რიტორიკის გადაწყობას არ აპირებს, ხოლო ივანიშვილს, რომელიც გაწბილებული დარჩა მის მიმართ „ხბოს აღტაცების“ მასობრივად გამოუჟღავნელობის გამო, რიტორიკის გადაწყობაზე ფიქრმა თავად მოუწია და გადააწყო კიდეც: ამჟამად მილიარდერი ყიდვაზე აქცენტს არ აკეთებს და, როგორც ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, „ხიტრობას“ მიმართავს: სიტყვა საქმით ჩაანაცვლა და ფულის ბერკეტს ვითომ კანონის დამცველთაგან ფარულად ამოქმედებს, მაგრამ აქაც ნაცარში ჩავარდნილ კოვზთან გვაქვს საქმე:
„საქმენი მისნი საგმირონი“ ივანიშვილს ყველგან ახსენებს, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ფულით ნაყიდი მისი მხარდამჭერები კი (ამ შემთხვევეაში ცნობილ პოლიტიკურ სახეებს ვგულისხმობთ), ამინდს ვერ ქმნიან და კრახს კრახი მოსდევს: კრახი გორის რაიონში, კრახი ზუგდიდის რაიონში, კრახი აჭარის მაღალმთიანეთში და ბოლოს, ყველაზე დიდი კრახი იქ, სადაც ივანიშვილის ყველაზე დიდი იმედი მყარი ფინანსური გარანტიით იყო ინვესტირებული: ევროპარლამენტში...
სადაც ოცნების გაუფასურება და, როგორც „ფეისბუქზე“ დაარქვეს, „დეფლორაცია“ იწყება, იქ ლარივით დაჭიმული ნერვებიც გიმტყუნებს კაცს და ისეთი რაღაც წამოგცდება, რასაც სრულიად სამართლიანად გამოიყენებენ შენს წინააღმდეგ: ასე მაგალითად, შაბათს „ქრონიკამ“ თბილისის ქუჩებში მცირე კვლევა ჩაატარა: სიუჟეტის ავტორი დადიოდა, მოქალაქეებს საბჭოტა საქართველოს დროშას უჩვენებდა და ეკითხებოდა, იცოდნენ თუ არა, რა არის ეს. უმრავლესობამ იცოდა, ხოლო შეკითხვაზე, გსურთ თუ არა იმ დროში დაბრუნება, როცა ეს დროშა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა იყოო, ყველამ არათუ უარყოფითად უპასუხა, შეიცხადა კიდეც - ამას ვინც ქადაგებს, არანაირი მომავალი არა აქვსო...
არადა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ზოგიერთთაგან „სუკ-ის ინსტრუქტორად სახელდებულ აქუსთან („ფეისბუქის“ რამდენიმე, ცნობილი იუზერი ამტკიცებს, რომ დავით აქუბარდია საბჭოთა პერიოდში მეცნიერებათა აკადემიაში სუკ-ის ინსტრუქტორი იყო და თუმცა სხვა თანამდებობა ეკავა, ამის შესახებ ყველამ იცოდა. ისინი აქუბარდიას კაბინეტის მდებარეობასაც კი მიუთითებენ და ამბობენ, რომ ის პირველ სართულზე იყო განთავსებული), სტუდიაში სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილს მისი საბოლოო მიზანი: „როგორც საბჭოთა კავშირის დროს“ წამოცდა. წამოცდენაც არის წამოცდენაც: საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ყველაზე მიმზიდველი იყო და ასეთივე უნდა გავხადოთო, ასე ბრძანა...
მოდით, გავიხსენოთ, რატომ იყო საბჭოთა საქართველო მიმზიდველი, პირველ რიგში, რუსებისთვის და შემდეგ დანარჩენებისთვისაც: აქ ულამაზესი ბუნებაა, მზე, ზღვა, მთა, სტუმართმოყვარე ხალხი, რომელმაც დახვედრა იცის, ზედმეტი შეკითხვებით თავს არ მოგაბეზრებს და თავის წმიდათაწმინდა მოვალეობად მიაჩნია, სტუმარს ასიამოვნოს: ანუ, ბიძინა ივანიშვილს, კლასიკური გაგებით, „უფროსი ძმის“ სტუმრობით გახარებული და მის ფეხქვეშ გაგებული ქართველები და საქართველო ენატრება, თორემ ტურისტების მომსახურების სერვისი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და ეს სულაც არ ითვლება ეროვნული ღირსების შელახვად...
„დრონი.ჯი“-ს მკითხველს შეუძლია, თავად მოისმინოს ბიძინა-ბორისის წამონაცდენი და ისიც განსაჯოს, იყო ეს ნამდვილად წამონაცდენი, თუ გააზრებული ფრაზა, მანამდე კი ვლადიმირ პუტინის (არის ასეთიც) ფრაზას გაგახსენებთ, რომელმაც, ოლიგარქ ივანიშვილის მსგავსად, სსრ კავშირის დანგრევას „მსოფლიოს უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა“ უწოდა. აქვე ისიც გაგახსენდება კაცს, რომ ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ სრულიად სამართლიანად აღნიშნა ბიძინა ივანიშვილზე:
„ეს კაცი არის მოარული კომპრომატი: პირს დააღებს თუ არა, კომპრომატი იფრქვევა და არავითარი გამოძიება ამას არ სჭირდება...“
რახან გახსენებაზე მიდგა საქმე, ისიც გავიხსენოთ, რომ ივანიშვილი საბჭოთა საქართველოზე ოცნებაში მარტო არ არის: მისი კოალიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე - დავით უსუფაშვილი, იმავე აქუსთან სტუდიაში სტუმრობისას, აშკარად მისტირის საბჭოთა საქართველოს, ასე რომ, როგორც იტყვიან, ფერი ფერს...
კომენტარი