სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნება ახალგორზე" - რეპორტაჟი წეროვნიდან

დილის 8:30 საათია, წვიმის წვეთების ხმაური სახურავზე სულ უფრო და უფრო მატულობს , მოქუფრული ცა თავზე ალმაცერად დამცქერის და მეც ვხვდები, რომ დღეს გამოდარებას სულაც არ აპირებს. 9:00 საათზე უკვე დიდუბის ავტოსადგურში ვდგავარ, გამვლელს წეროვანის მიკროავტობუსისკენ მიმავალი გზის სწავლებას ვთხოვ.

წეროვანი თბილისიდან 35 კილომენტრითაა დაშორებული. დიდუბის ავტოსადგურიდან წეროვანის მიმართულებით მიკროავტობუსები ნახევარ საათში ერთხელ გადიან. მგზავრობის საფასური 1 ლარია. 09:30 საათზე ტრანსპორტი ადგილიდან დაიძრა. ჩემს გვერდით მსხდომი ადამიანების სახე სხვადასხვა ემოციას დაუფარავს, ზოგი სინანულით, ზოგი იმედის თვალებით, ზოგიც ფიქრის ღრუბლებით სავსე სახით გაჰყურებს გზას.

მინაზე წვიმის წვეთების ხმაური ძლიერდება და თბილი ორთქლისგან ფანჯარას ნელ-ნელა ბურუსი ფარავს.

ვისაც ერთხელ მაინც გიმოგზაურიათ აღმოსავლეთ საქართველოში , გზად აუცილებლად შეამჩნევდით უზარმაზარ დასახლებას, ერთნაირი ფასადებით,რომ იწონებს თავს. ყველა სახლს აქ წითელი სახურავი მოსავს. შორიდან მისი დანახვა საომრად გამზადებული ჯარისკაცების ვრცელ რიგსაც კი მოგაგონებთ. ეს წეროვანია – სამაჩაბლოდან დევნილთა ყველაზე დიდი დასახლება .

წეროვანი ერთ დროს ჩვეულებრივი სოფელი იყო საქართველოში. მანამდე , სანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქ ჭაობი არ დააშრეს, ერთმანეთის მიყოლებით ერთ მწკრივად,ერთნაირი სახლები არ დადგეს და წეროვნის დასახლება არ უწოდეს.

გზაზე გამოკრულმა აბრამ „წეროვანი 50 მეტრი“, დანიშნულების ადგილთან მიახლოვება მამცნო. ცოტაც და უკვე წეროვანში ვარ, ისევ გადაუღებლად წვიმს.

სოფლის შესასვლელში საპატრულო პოლიციის ორსართულიან შენობასა და მედპუნქტს მოჰკრავთ თვალს. ცენტრალურ ნაწილში საბავშვო ბაღი , საჯარო სკოლა, გამგეობა, ახალგაზრდული ცენტრი , ბანკი , სპორტული მოედანი, ავტოსადგური და სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. წეროვნის განაპირას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერია, რომელიც ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის დაფინანსებით აიგო. ოდნავ მოშორებით რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ მიტოვებულ სასათბურე მეურნეობასაც შეამჩნევთ. დღესდღეობით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სულ 2000 სახლი დგას და 7030 ადამიანი ცხოვრობს. წეროვანში ყოფნისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დავათვალიერე, რომელთა შესახებაც თანმიმდევრულად გიამობობთ.

სკოლა და ბაღი

პირველ რიგში, სკოლის შენობისკენ გავემართე , თუმცა, ჩემთვის სრულიად გაურკვეველ მიზეზთა გამო, დირექტორმა სკოლაში შესვლის ნება არ დამრთო, კითხვაზე რატომ, პასუხად მხოლოდ დუმილი და დაგვიანებული „ახსნა-განმარტება“ მივიღე. როგორც მოგვიანებით, ახალგორის გამგებელ, ბატონ ნუგზარ თინიკაშვილისგან შევიტყვე, სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და დღესდღეობით იქ 1020 ბავშვი სწავლობს, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. წეროვანის ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული 80 კვალიფიციური მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ახალი გარემონტებულია, კედლებზე გაჩენილი ბზარები ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე მეტყველებს.

წეროვნის საბავშვო ბაღის შენობა სკოლის შენობიდან რამდენიმე მეტრითიაა დაცილებული. იმ იმედით, რომ იქ მაინც შემიშვებდნენ, სწორედ ამ გზას დავადექი. სკოლამდელ- სააღმზრდელო დაწესებულებათა დირექტორი, ბატონი ნუგზარ პაპუნაშვილი ღიმილით შემხვდა და კაბინეტშიც შემიპატიჟა. წეროვნის ბაგა ბაღი უკვე 9 წელია ფუნქციონირებს და მასში 375 ბავშვია რეგისტრირებული. პერსონალის რაოდენობა 104 ადამიანს შეადგენს. მათი ხელფასი საკმაოდ მცირე, 290 ლარია.

როგორც ბატონი ნუგზარისგან შევიტყვე ბაღში მთავარი მაინც კანალიზაციის პრობლემაა. გარდა ამისა , ეზო კეთილმოწყობილი არ არის იმისთვის ,რომ ბავშვებმა თბილ ამინდებში გარეთ ითამაშონ, სათამაშოების სიმცრეა. ეზოს მოწყობა აუცილებელია, მაგრამ ადგილობრივ ბიუჯეტს ამის საშუალება არ გააჩნია და ამ მიზნით 2018 წლის ბიუჯეტშიც არაა თანხა გამოყოფილი. „მას შემდეგ რაც ბაგა-ბაღებზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრა, განათლების სამინისტრომ ზურგი შეაქცია ამ ტიპის დაწესებულებებს“-, მიხსნის ბატონი ნუგზარი. იმ შემთხვევაში, თუ ბაღში შემოსვლის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება, ბაღი ახალ წევრებს ოთახების არქონის გამო ვეღარ მიიღებს.

„აქ ბავშვები სწავლობენ ანბანს, მათემატიკას. გვყავს ლოგოპედი, ფსიქოლოგი, მეთოდისტი, მუსიკის ხელმძღვანელი, ინგლისურის მასწავლებელი“, მიხსნის ბაღის მენეჯერი ქალბატონი ეკა მიდელაშვილი. „მენიუთი შედარებით უკმაყოფილოები არიან თვითონ მშობლებიცა და პერსონალიც”, აგრძელებს ჩემთან საუბარს ქალბატონი ეკა. სწორედ მისგან შევიტყვე ,რომ თითოეულ ბავშვზე საკვებისთვის დღეში მხოლოდ 1,38 თეთრია გამოყოფილი.

წეროვანის სახლებში

უამინდობის გამო ირგვლივ კაციშვილს ვერ მოჰკრავთ თვალს. დავდივარ წეროვანის ქუჩებში და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ყველაფერი მეორდება. სახლები, რომელთაგან ზოგს დამატებით რაღაც აქვს მიშენებული. ერთ-ერთი ასეთი სახლის კარზე დავაკაკუნე, კარი 30 წლამდე ასაკის ქალმა გამიღო, რომელსაც ორი ბავშვი გამოჰყვა თან. ჩემი სტუმრობის მიზეზი რომ გაიგო, სახლში შემიპატიჟა , შეციებული იქნებიო და ცხელი ყავით გამიმასპინძლდა.

აჩი სათამაშოებით ერთობა და გულმოდგინედ მიყვება, თუ როგორ ჩამოარტყა მაგიდას თავი და როგორ სტკივა ახლა შუბლი. ანიმ უცხო ადამიანის დანახვაზე დაიმორცხვა და დედის კალთაში მიმალვა ამჯობინა.

მაია ბაშარულის თქმით, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები და უმუშევრობა უმთავრეს პრობლემად რჩება. „ ზამთრის მოსვლის გვეშინია. თავიდან კომუნალურებს გვიხდიდნენ და 50 ლარითაც გვეხმარებოდნენ, შუქი უფასო იყო. 2012 წლის შემდეგ როცა მთავრობა შეიცვალა, კვლავ ჩვეულ რეჟიმში გვიწევს გადასახადების გადახდა და ამ ყველაფერს თან იმ დროის დავალიანებაც ემატება, როცა მთავრობა არაფერს გვახდევინებდა. მიმდინარე დანახარჯთან ერთად დამატებით 15 ლარს ვიხდით ძველი დავალიანებების დაფარვის მიზნით. ყველას ბანკის ვალები აქვს აღებული ამის გამო. ადრე კასპის გაზზე ვიყავით, ახლა, რაც მცხეთის გაზზე გადმოვედით 7 თეთრით გაგვიძვირეს ტარიფი. თუ არ გადაიხადე, იმ საღამოსვე მოვლენ და ჩაგიჭრიან. დენიც 10 თეთრით გაგვიძვირეს“.

ეს საკითხი მოგვიანებით ახალგორის გამგებელმა , ბატონმა ნუგზარ თინიკაშვილმა, შემდეგნაირად აგვიხსნა :“ 2013 წელს მთავრობამ ერთჯერადი აქციის სახით ადგილობრივებს ზამთრის პერიოდში დაგროვილი დავალიანება სრულად გადაუხადა. 2014 წელს მოსახლეობას კვლავ ეგონა, რომ ზამთრის დავალიანებას მთავრობა გადაიხდიდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, აქცია ერთჯერადი იყო და ამის შესახებ, სამწუხაროდ, მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია. 2014 წლის დავალიანებამ 2 მილიონ ლარს მიაღწია და სწორედ ამ დავალიანებას იხდის ყველა აბონენტი. არსებულ დავალიანებას ემატება 15 ლარი, რომელიც აკლდება ძველ დავალიანებას და ყოველივე ეს გადანაწილებულია თვეების მიხედვით.“

მაია ბაშარული იკოთიდანაა, ეს სოფელი 2008 წლის ომის შემდეგ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შეემატა. ვინაიდან ოჯახის თვიური შემოსაავალი 1000 ლარს აღწევდა, სახელმწიფომ მათ არც ბინა და არც კომპენსაცია არ მისცა. სახლში მაია , მისი ქმარი და ორი ბავშვი ცხოვრობს. 4 სულიანი ოჯახის საარსებო წყაროს დევნილთა დახმარება, 45ლარი, და მაიას ქმრის ხელფასი შეადგენს, რომელიც ნაყინის ქარხანაში მუშაობს ,რომლის შემოსავალიც სეზონის მიხედვით იცვლება.

მსგავს სიტუაციას შეხვდებით იოსებ ნიაურისა და ნანა ბღარაშვილის ოჯახში. მათაც ყველაფერი ახალგორში დატოვეს და თავიანთ 2 შვილთან ერთად წეროვანში ცხოვრობენ. უფროსი შვილი აბიტურიენტია. უმცროსი დათო კი 11 წლისაა , კითხვაზე შესაძლებლობა რომ ჰქონდეს პირველს რას შეცვლიდა წეროვანში, გვპასუხობს, რომ მუსიკალურ სკოლას გაარემონტებდა და გათბობას გააკეთებდა ზამთარში , რომ აღარ შესციებოდა.

დასაქმება

მოსახლეობის ნაწილი ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებში „ზედაზენში“, „ბარამბოში“, „ნატახტარში, „სნო”-ში და ქაღალდის ქარხანასა ( 25 კაცი მუშაობს) და საბიუჯეტო ორგანიზაციებში 300 ადამიანია დასაქმებული. სარეცხი ფხვნილის კომპანიის, „ბერტას“ დახურვის შემდეგ დაუსაქმებელ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა. დღესდღეობით მოსახლეობის 50 პროცენტი კვლავ უმუშევარია.

სახელმწიფოს შეღავათები

წეროვანში ფუნქციონირებს საავადმყოფო და სასწრაფო დახმარების სერვისი. მოსახლეობა მათი მომსახურებით კმაყოფილია, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ისინი მათთვის მხოლოდ პირველად დახმარებას უზრუნველყოფენ და რთული შემთხვევების დროს მათ ისევ ქალაქში უწევთ წასვლა. მოსახლეობის თქმით ,ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, სხვა შეღავათებით არ სარგებლობენ. ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, კი ისინი მოსახლებას 300 ლარამდე გამოკვლევების თანხებსაც უფინანსებენ და თუკი წეროვნის მცხოვრებთ ოპერაციების დროს თანადაფინანსება დასჭირდათ, 500 ლარის ოდენობის თანხით აფინანსებენ. მისივე თქმით, არსებობს გადაუდებელ ოპერაციათა გარკვეული ჩამონათვალი, რომელიც დევნილთათვის სრულად ფინანსდება. „ ჩვენ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან გვაქვს კონტაქტი და ძალიან ბევრჯერ ჩამოსულან და აქვე ჩაუტარებიათ ოპერაციები”- განაცხადა ბატონმა ნუგზარმა ჩვენთან საუბრისას.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს იმ სტუდენტთა სწავლის საფასურს , რომლებიც 2008 წლის ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში სწავლობდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს,რომ რომ წელს არის ბოლო ნაკადი იმ მოსწავლეების ,რომლებიც იქ სწავლობდნენ. „თუ ცვლილება არ შევიდა მაშინ მომავალი წლიდან ყველა სტუდენტმა თავად უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი“- გვპასუხობს ბატონი ნუგზარი.

წეროვანში ფუნქციონირებს ახალგაზრდული სახლი, რომელიც 2015 წელს ბატონ ნუგზარ თინიკაშვილის ინიციატივით აშენდა . სკოლის მერე ბავშვები აქ, ხატვას, ქარგვას, ხესა და მინანქარზე მუშაობას ეუფლებიან.

გასართობი საშუალებები აქ არ არსებობს. არის მხოლოდ ცეკვის, სიმღერის, სპორტის წრეები, აქ სიარული თვეში 20 ლარი ჯდება.

2016 წლის 2 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „წეროვანი“ გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისში“ დააფუძნა. ცენტრის მიზანს ომით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაძლიერება წარმოადგენდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, აღნიშნული ცენტრის არსებობის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცოდა . დიდი ძიების შემდეგ მივაგენი იმ ადგილს , სადაც ცენტრი უნდა ყოფილიყო და აღმოვაჩინე , რომ ის, თითქმის ერთი წელია, აღარ ფუნქციონირებს. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა უარყო ის ფაქტი ,თითქოს მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და ცენტრის დახურვის მიზეზად მოსახლეობის იქ მისვლის სურვილის არქონა დაასახელა.

ჩემი სტუმრობა წეროვანში ამით სრულდება. ნელ-ნელა ავტოსადგურისკენ მივემართები. იმ ადგილისკენ, საიდანაც ჩვეულ რიტმს, ნაცნობ ქუჩებს და ნაცნობ სახეებს უნდა დავუბრუნდე. ეს შეგრძნება იმ იშვიათი შეგრძნებათაგანია, როდესაც იცი, რომ ვერაფერი შეცვალე , უბრალოდ არსებული დაწერე და გაახმაურე. დღიურში ბოლო ჩანაწერი გავაკეთე და ამ დროს მიკროავტობუსიც დაიძრა. წითელსახურავიანი სახლებით სავსე წეროვანი ნელ-ნელა უფერულდება, მივდივარ და ვოცნებობ, რომ ერთ დღესაც დიდუბის ავტოსადგურში მივალ და მიკროავტობუსის ძებნას დავიწყებ, ჩემი დაბნეულობით გაღიმებული მძღოლი კი მკითხავს : „ახალგორში ხომ არ მიბრძანდებით“?


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100