რამდენი უდიპლომო დეპუტატი ყავს საქართველოს პარლამენტს?
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა:
„პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მოწოდებულ მასალებში 5 დეპუტატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები არ მოიპოვება (წინამდებარე კვლევაში გასათვალისწინებლად, IDFI-იმ ამ 5 დეპუტატის უმაღლესი განათლების შესახებ მონაცემები პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოიპოვა). გარდა ამისა, მცირედი სხვაობა დაფიქსირდა პარლამენტის აპარატისგან მიღებულ დოკუმენტაციასა და პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატთა უმაღლესი განათლების შესახებ განთავსებულ მონაცემებს შორის.
პარლამენტის აპარატის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით შემდეგი სურათი იკვეთება:
საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას.
ყველაზე დიდი რაოდენობით პარლამენტში სამართალმცოდნეობის სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 – ექიმი. 19 დეპუტატსგანათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).
ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი.
სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს სამხედრო-პოლიტიკური, ერთი დეპუტატი კი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განათლებითაა.
პარლამენტში თეატრალური და სახვითი ხელოვნებების დარგების სპეციალისტებსაც შევხვდებით, რომელთა რაოდენობა ათს აღწევს.“
კომენტარი