სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდი, ვნახოთ ვენახი... აკრედიტაციის გარეშე

საქართველოში აკრედიტაციის მთავარმა უარმყოფელმა დღეს ბავშვობაში ნასწავლი „ჯაჭვისებური“ ლექსი გაიხსენა და გადაწყვიტა, პრეზიდენტის ვენახი ენახა. აბა, რანაირი აკრედიტაციის უარმყოფელი იქნებოდა, აკრედიტაციის ძებნა რომ დაეწყო, თანაც, უკვე რახანია, აკრედიტაციას უარყოფს და ფათერაკს ეძებს, მაგრამ არ უმართლებს - ჯერ ვერ იპოვა. არადა, უკვე დროა - ამდენხანს სერიოზული სკანდალის გარეშე ცხოვრება, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელი და ერთფეროვანია.

ჯერ გაფიქრება, მერე თქმა და შესრულება ერთი იყო და აკრედიტაციის მთავარი უარმყოფელი ყვარელში, პრეზიდენტის ვენახის მისადგომებთან აღმოჩნდა, თანაც, „ობიექტურმა“ ჟურნალისტმა, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს სხვას საკმაოდ ხშირად ახსენებს ხოლმე, თან ერთი, ოპო-მიმართულების პარტიის წარმომადგენელი იახლა - გზა არ იცოდა და რა ექნა...

გზა არ იცოდა, მაგრამ ის კი ნამდვილად ეცოდინებოდა, რომ რასაც აპირებდა, წელსქვემოთ დარტყმა და არაჟურნალისტური საქციელი იყო, ხოლო კანონში სპეციალური მუხლით ასე იყო ფორმულირებული: „ბინაში ან სხვა მფლობელობაში, ჯგუფურად, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“

მაგრამ აკრედიტაციასთან ერთად კანონის უარმყოფელმა კოლეგამ ეს მუხლი არად ჩააგდო და ვენახის გადაღება დაიწყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვენახში „აკრედიტირებული“ დარაჯი, რომელსაც, შესაძლოა, მარილით გატენილი ორლულიანი თოფიც ჰქონოდა, ადგილზე არ აღმოჩნდა და კოლეგის ერთი ადგილი მარილთან არცთუ სასიამოვნო რეაქციაში შესვლას გადაურჩა.

ვენახში აკრედიტირებული დარაჯი არ იყო, მაგრამ „აკრედიტირებულები“ მაინც გამოჩნდნენ და კოლეგას გადაღებული მასალა ჩამოართვეს. მერე დაკითხეს და აპარატურა დაუბრუნეს. რა თქმა უნდა, ოპერაცია „მოდი, ვნახოთ ვენახი“ სწორედ ამაზე იყო გათვლილი. ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა: კოლეგამ სკანდალის „ლომკა“ მოიხსნა, კოლეგის კოლეგების ნაწილმა განგაში ატეხა, მთავარი უარმყოფელი დააკავესო, მორიგი გადაცემისთვის კი ნოყიერი მასალა მოგროვდა.

ერთი ცნობილი ფრაზის პერიფრაზირება რომ ვცადო, აი, რა გამოვა: კოლეგებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. თუ გინდათ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩათვალეთ, რომ არაფერი მითქვამს, უბრალოდ, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან - „იქამდე“ ერთი ასეთი ეპიზოდი გამახსენდა: დედაბრები, რომლებიც ნასვამი მძღოლის კაბინაში სხედან, ერთხანს ჩუმად არიან , რადგან დამრეცი სინკას (მძღოლის) ქროლვა აშინებთ, მაგრამ მერე, როცა სინკა ერთ-ერთს ცაეკითხება, ხმას რად არ იღებო, ის ხმამაღლა ამბობს: „ნეტაი ახლა ორი რამ მამცა!“. „რა და რა, დიდედ?“-სიცილით და შემრიგებლურად ჩაეკითხება სინკა, მაგრამ პასუხობენ: „საღი ჭინჭარი და შენი ზადნიცი!...“ - ამ ეპიზოდის ფონზე თავად მიხვდით, რას ინატრებდა დღეს ვენახში „აკრედიტირებული“ დარაჯი, ადგილზე რომ ყოფილიყო. თუმცა, პერიფრაზირებას, ანუ ჭინჭრის ჩანაცვლებას მარილით აქაც ვერ ავცდებით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100