სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგარეო უწყება ერიკ ფურნიეს განმარტებას ელოდება

საგარეო უწყება საქართველო-რუსეთის ომის შესახებ საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს მიერ გაკეთებულ გაცხადებასთან დაკავშირებით გაკვირვებას გამოთქვამს.

„ძნელია ნებისმიერი სახის შეფასების გაკეთება, სანამ თავად ელჩს არ გავესაუბრებით და არ ვკითხავთ, რატომ იყო ასეთი ტიპის განცხადება გაკეთებული. გასაკვირი იქნება, თუ ერიკ ფურნიემ მსგავი რამ მართლაც თქვა, რადგან საუბარია იმ ქვეყნის წარმომადგენელზე, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს უშუალო მედიატორი იყო და წამყვანი როლი ეკავა, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში, ისე „ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმების შექმნაში", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ომზე პასუხისმგებლობას „სხვაგან და არა იქ ეძებენ, სადაც ის არის".

„ვინ წამოიწყო ომი? პირველი ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შესძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის შექმნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ორივე მხარის ნაციონალიზმს ეკისრება, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო", - აცხადებს ფურნიე ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100