სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი რუსული კოშმარი აფხაზეთში: როგორ იღუპებიან ოკუპანტები გუდაუთის ბაზაზე

რუს სამედროებს რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არ ულხინთ, არაერთხელ გაჟღერებულა - შიგადაშიგ რუსულ პრესაშიც. მაგრამ საერთო ჯამში არსებულ სიტუაციასა და ცალკეულ სავალალო შემთხვევებზე ცნობებს ვერც აფხაზურ და ვერც რუსულ მედიაში ვერ წააწყდებით. ამის მიუხედავად, ინტერნეტსივრცეში არსებობს საშუალებები, საიდანაც ცნობების ამოკრეფა შესაძლებელია და რომლებიც, შეიძლება სრულიად სარწმუნო წყაროდ ჩაითვალოს. ამჯერად, „დრონი.ჯი“ ერთ-ერთ ასეთ წყაროზე - რუს არმიელთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის შექმნილ ფორუმზე დაყრდნობით გთავაზობთ სკანდალურ ფაქტებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 რუსულ ბაზაზე ხდება და რომელთა მიჩქმალვასაც რუსული სამხედრო მანქანა შესანიშნავად ახერხებს: ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გუდაუთის ბაზაზე აგვისტოში მომხდარი, ქვემოთმოყვანილი ფაქტები არ გახმაურებულა.

ზემოთხსენებული, ჩვენს მიერ წყაროდ მოხმობილი ფორუმი (prizyvnik.info) რუსულ ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულია. სწორედ აქ სვამენ კითხვებს, რომლებიც არმიაში მყოფთა მდგომარეობას, სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და „კონტრაქტნიკების“ საკითხებს, ვადებს, ჯარისკაცებთან კავშირის დამყარებასა და არმიელთა ჯანმრთელობას შეეხება. ზოგი იმას კითხულობს, რა მაქინაციები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ჯარისკაცი ვადაზე ადრე „გამოიხსნას“ სამხედრო სამსახურიდან, ზოგს აინტერესებს, როგორ შეუვსოს მობილურზე ბალანსი „კონტრაქტნიკს“, ზოგი ამა თუ იმ ნაწილის შესახებ გაგონილ ამბავს ჰყვება, თან დადასტურებას ან უარყოფას ითხოვს.

ფორუმის ერთ-ერთ აქტიურ წევრს მოჰყავს ფრაგმენტი სამხედრო პროკურატურაში გაგზავნილი წერილიდან, სადაც გუდაუთის რუსულ ბაზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია:

„ჩემი ნათესავი გუდაუთაში, ს/ნ 09332-ში მსახურობს. ათი დღის წინ იქ გარდაიცვალა ჯარისკაცი - დიმიტრი გონჩაროვი. როგორც ამბობენ, სიკვდილის მიზეზი სეფსისი გახდა. ნათესავმა მომწერა, რომ ფიზმომზადების დროს ჯარისკაცმა გონება დაკარგა და გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. გუშინ გავარკვიე (წერილი დაწერილია 15 აგვისტოს. - რედ.), რომ დაიღუპა კიდევ ერთი ჯარისკაცი და ისევ ფიზმომზადების, კერძოდ, ასმეტრიან დისტანციაზე სირბილის დროს. როგორც ირკვევა, ოფიცრები ჯარისკაცებს იმაზე მეტად ტვირთავენ, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ. "დედოვშჩინის" საზარელ შემთხვევებზე, რომლებიც ცალკე გამოძიებას საჭიროებს, ამჯერად არაფერს ვამბობთ. ყველა ჯარისკაცის დედის სახელით ვითხოვთ გაირკვეს, რატომ იღუპებიან ჩვენი ბიჭები.“

წერილს თან ახლავს ფორუმის წევრებისთვის განკუთვნილი მინაწერი: „სწრაფად წაიკითხეთ და შემდეგ უნდა წავშალო, თორემ ვგრძნობ, ამ ფორუმიდანაც მიზეზების აუხსნელად გამაპანღურებენ“. თუმცა, წერილის ფრაგმენტი, რომელიც ფორუმზე „ვერა48“ ნიკით რეგისტრირებულმა იუზერმა გამოაქვეყნა, რატომღაც, ამ დრომდე არ არის წაშლილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფორუმის მონაწილეებისთვისაც კი, რომლებიც რუსულ არმიაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულნი არიან, მსგავსი ცნობა მოულოდნელი აღმოჩნდა: „სადმე, ბაზარში ვიღაც „ბომჟ“-ი რამე მოიპარავს და 10 წლით ჩასვამენ, აქ კი ბიჭები იღუპებიან და გამკითხავი არავინაა. ვერც ახალ ამბებში გაიგებ რამეს - თითქოს, როგორც ხდება, ზუსტად ისე უნდა იყოს“. - წერენ ამ საზარელი ინფორმაციის პასუხად.

ამასთან, ფორუმის წევრების შემდგომი გამოხმაურებებიდან ირკვევა, რომ მსგავსი ორი ფაქტი გუდაუთის ბაზაზე მართლაც მოხდა. ამას ის იუზერები ადასტურებენ, რომლებიც სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისა და „კონტრაქტნიკების“ ოჯახის წევრები არიან. მათი თქმით, ამ ფაქტების შესახებ აფხაზეთში მდებარე ყველა ბაზაზე იციან, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ამბობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100