M142 HIMARS - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS-ი (HIMARS - იშიფრება, როგორც - High Mobility Artillery Rocket System) ასევე ამერიკული M270-ის ტიპის ანალოგიური დანიშნულების საარტილერიო სისტემის შემსუბუქებულ ვარიანტს წარმოადგენს. საარტილერიო დანადგარი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში 2005 წელს მიიღეს. სისტემა ამერიკის საჰაერო-სადესანტო ძალებისა და საზღვაო ქვეითებისათვის არის განკუთვნილი. საერთო ჯამში ამერიკის არმია სულ 900 ერთეული ამ ტიპის საარტილერიო სისტემის შეძენას გეგმავს. ამერიკის არმიის გარდა M142 HIMARS-ის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი რამდენიმე სხვა ქვეყანამაც გააფორმა.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS-ის კონსტრუქცია ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ - Lockheed Martin-მა შეიმუშავა, ხოლო მისი წარმოება ორი კომპანიის, შემქმნელი Lockheed Martin-ისა და BAE Systems-ის მიერ ხდება.
საარტილერიო სისტემა HIMARS-ის რაკეტები აბსოლუტურად მსგავსია იმ რაკეტების, რომლებიც გამოიყენება M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემაში, თუმცა ახალი სისტემა რაკეტების მხოლოდ ერთ პაკეტით, ანუ 6 ერთეული 240 მილიმეტრიანი რაკეტით არის აღჭურვილი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ HIMARS-ის საცეცხლე ძალა, M270-თან შედარებით, განახევრებულია. რეაქტიული სისტემის სტანდარტული 240 მილიმეტრიანი რაკეტის სიგრძე 3.96 მეტრს შეადგენს და 307 კილოგრამს იწონის. მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო სისტემის საცეცხლე ძალა M270-თან მიმართებაში განახევრებულია, ეს, რა თქმა უნდა, რაკეტების სროლის მანძილს არ შეხებია და ის M270-ის ანალოგიური მაჩვენებელის იდენტურია, უფრო კონკრეტულად კი სტანდარტული რაკეტის მოქმედების დისპაზონი 2-დან 40 კილომეტრამდე მერყეობს. HIMARS-ის გასროლებში ასევე შედის ყველა იმ ტიპის რაკეტა, რაც კი M270-ს გააჩნია, მათ შორის მსხვრევად-ფუგასურიც და კასეტურიც. საარტილერიო სისტემის გასროლაში ასევე შედის უახლესი შორ მანძილზე მოქმედი მართვადი რაკეტებიც, რომელთა მოქმედების მანძილიც 60-დან 100 კილომეტრის ფარგლებში ვარირებს.
ისევე, როგორც M270-ში, უახლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-შიც გამოიყენება MGM-140A ATACMS-ის (Army Tactical Missile System) ტიპის ტაქტიკური რაკეტებიც. საარტილერიო სისტემაზე ამ ტიპის მხოლოდ ერთი რაკეტის დამონტაჟებაა შესაძლებელი. თუმცა HIMARS-ის ამ რაკეტით აღჭურვის შემთხვევაში მასზე ჩვეულებრივი, სტანდატული ტიპის რაკეტების დაყენება გამორიცხულია.
2002 წელს ამერიკის შეერთებული შტაების საზღვაო ქვეითებმა 40 ერთეული HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სისტემა შეისყიდეს, მიწოდება 2005 წელს დაიწყო. ხოლო 2007 წლის ივლისში სისტემები საზღვაო ქვეითებთან ერთად ერაყში, ალ ანბარის პროვინციაში განათავსეს. ეს იყო საზღვაო ქვეითთა პირველი დანაყოფი, რომლებმაც HIMARS-ები ბრძოლაში გამოიყენა.
HIMARS-ი ბაზირებულია FMTV-ს ტიპის 6 x 6 კონფიგურაციის შასიზე, რომელიც ხუთ ტონას იწონის. ძალური დანადგარის სახით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა აღჭურვილია Caterpillar 3135 ATAAC-ის ტიპის 6.6 ლიტრის მოცულობს დიზელის ძრავით, რომელც 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საარტილერიო სისტემას ხელახლა დასატენად მხოლოდ 5 წუთი ესაჭიროება. HIMARS-ის საჰაერო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.
კომენტარი