სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლავროვის განცხადების შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში ჰილარი კლინტონს პირისპირ შეხვდა

ბრიუსელში რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოუჩინა ბრჭყალები ნატოს და ქვეყნის პირველი დიპლომატის პირით კიდევ ერთხელ ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი. თუმცა, ამ შემთხვევაში, სერგეი ლავროვი საკუთარი პრეზიდენტის აზრს შეეწინააღმდეგა, როცა განაცხადა, რომ ნატოს მიერ საქართველოს მოხსენიება aspirant partners ქვეყნებს შორის (ამ სიაში, საქართველოს გარდა შედიან მაკედონია, ჩერნოგორია და ბოსნია-ჰერცოგოვინა) „საქართველოს ხელისუფლების წაქეზების მცდელობაა“ და 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავს მოვლენებს გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, სერგეი ლავროვი იმას გულისხმობდა, რაც მოგვიანებით განავრცო კიდეც: 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე ბუქარესტის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რამაც, ლავროვის აზრით, წააქეზა მიხეილ სააკაშვილი და მან ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ლავროვი ვარაუდობს, რომ ნატოს კომუნიკეებში ჩაწერილი მსგავსი ფრაზები საქართველოს პირველი პირის ფსიქიკაზე წამქეზებლურად მოქმედებს.

საინტერესოა, რამ იმოქმედა წამქეზებლურად დიმიტრი მედვედევის ფსიიქიკაზე, როცა მან ზედიზედ ორჯერ, ყველასთვის გასაგონად განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება იმიტომ გახდა საჭირო, რათა რუსეთს ნატოს გაფართოების მცდელობა აღეკვეთა. ასე რომ, უმჯობესი იქნება, ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიცია შეჯერებულ-შეთანხმებული იყოს.

სერგეი ლავროვის გაწიწმატებული ტონი ოფიციალურ განცხადებაში ასე გამოიხატა:

„ სხდომის მსვლელობაში საქართველოზეც ვისაუბრეთ, რადგან ყურადღება მივაქციე, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში არის ასეთი ტერმინი: aspirant partners, ანუ პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ტერმინით იყვნენ მოხსენიებული, იყო საქართველოც. მე დაუფარავად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ისევ არ უბიძგონ საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს, გაიმეოროს 2008 წლის მსგავსი ავანტიურა. რადგან მაშინ ეს მოხდა მალევე ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც უაპელაციოდ ჩაიწერა, რომ საქართველო იქნება ნატოში. ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ - მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკას თუ გავითვალისწინებთ - ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ იმ უგუნური, გიჟური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მიიღო.

ამიტომ მე იმედი გამოვთქვი, რომ ნატოელები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ისეთი მოვლენების წაქეზებას, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რეგიონში, რომელიც სტრატეგიულია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები ყურად იღეს.“

ნატოს ჩიკაგოს სამიტი 21მაისსაა დანიშნული. თუკი ერთმანეთს შევადარებთ ბუქარესტის სამიტისა და ჩიკაგოს სამიტისწინა პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიურობასა და კომენტარებს, ისინი აშკარად განსხვავებულია, ბუქარესტის სამიტის წინ ხელისუფლება პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ მის თავდაჯერებულ ტონში აშკარად იკითხებოდა ბუქარესტში საქართველოსთვის ნატოს მიერ მაპ-ის პროგრამაზე გადაყვანის მოლოდინი.

ახლა სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია: ხელისუფლება კომენტარს თითქმის არ აკეთებს და რასაც ჩიკაგოს სამიტზე ამბობს, თქმამდე ასჯერ ზომავს. ბოლო დროს საქართველოში გახშირებული მეგობერი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტები, სულაც ნატოს გენმდივნის ამასწინანდელი ვიზიტი, ნატოსა და რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავება და ოფიციალური განცხადებები ამ კუთხით, მინიმუმ, დაფიქრების საბაბს იძლევა: რას აპირებს ნატო ჩიკაგოს სამიტზე? რამდენად იქნება ეს სამიტი ისტორიული და რუსეთისთვის უსიამოვნო სიურპრიზის მომწყობი? ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხები ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოლოდინი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი კოლეგის გაცხარებას საოცრად მშვიდად შეხვდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ბრიუსელში კიდევ ერთხელ მოუგო დიპლომატიური ომის ერთი ეპიზოდი რუსეთს:

რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ კომენტარში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „მინდა ვთქვა, რომ ბატონი ლავროვი თავის საკუთარ პრეზიდენტს ეწინააღმდეგება. ჯობია კარგად წაიკითხოს, თუ რას ამბობს რუსეთის მთავარსარდალი ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას და როგორ ხსნის ის 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც ამბობს, რომ ომის ერთადერთი მიზანი იყო, საქართველოსათვის ხელი შეეშალა ნატოში გაწევრიანებისათვის. არ ვიცი, ღირდა თუ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და რეპუტაციისათვს საქართველოში დანაშაულის ჩადენა და აგრესია, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს და ვნახოთ, ეს გზა ვის სად მიიყვანს.“

ამავე ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძე პასუხობს ასევე შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეხვდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის პრეზიდენტის ცნობილ „აღიარებას“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით:

„რომ არ ყოფილიყო ეს აღსარება გაკეთებული ორჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, არა მგონია, რომ კომუნიკეში ის ჩაწერილიყო, რაც ჩაიწერა. ყველას ესმის, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, რომელიც სრულად აგებს პასუხს თავის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როდესაც წარმატებით დავასრულეთ რუსეთთან მოლაპარაკებები მათ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და კიდევ ერთხელ მივეცით სიგნალი მსოფლიოს, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან ილაპარაკოს ნებისმიერ თემასა და საგანზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. როდის იქნება რუსეთი ამისთვის მზად, არ ვიცი.“

და ბოლოს, კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, რომელიც რადიო „თავისუფლების“ ამავე სტატიაშია აღწერილი:

„ბრიუსელის ნატოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ვაშაძის თქმით, ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის დღის წესრიგი, რომლითაც საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ ჩიკაგოს ნატოს სამიტამდე. ხოლო შეკითხვას, თუ რას ელის ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე, ვაშაძე ასევე თავშეკავებული ოპტიმიზმით უპასუხებს:
„არავითარი მოლოდინების გაზრდა არ მინდა, რადგან წინ ძალიან დიდი სამუშაო გველოდება. მაგრამ იმედიანად ვართ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100