გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
2016 წლის 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება. ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია სრულფასოვანი განათლება მიიღოს რეგიონის მასშტაბით ყველა მოსწავლემ.
სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წელს განხორციელდა 27 ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 სკოლას, 2 პანსიონს, აშენდა 6 სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 სპორტულ დარბაზს, მალე დაიწყება ქ.ბათუმის N17 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. 27 ობიექტისთვის ბიუჯეტში, მთლიანობაში, 6 მილიონ 700 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
აჭარაში მხოლოდ ერთ სკოლაში – ბათუმის მე N 17 საჯარო სკოლაში ერთი კვირით გადაიდება სასწავლო პროცესი. ქალაქ ბათუმის N17 სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლებში, სადაც მშენებლობა ან ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დასრულებულა, არსებობს ალტერნატიული სივრცე, სადაც დაიწყება სასწავლო პროცესი. ხვალ, საზეიმოდ გაიხსნება შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ხაბელაშვილებში ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო შენობაში, არასათანადო პირობებში ტარდებოდა სასწავლო პროცესი.წელს, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში. სკოლაში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო,კეთილმოეწყო ეზო, სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ბიბლიოთეკას გადაეცა ახალი მხატვრული ლიტერატურა.
2017 წელს იგეგმება 22 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, შესყიდული იქნება 13 სკოლის პროექტი. აჭარაში სულ 255 სკოლა, მათგან 229 საჯაროა, 26 - კერძო. წლევანდელი მონაცემებით, აჭარაში რეგისტრირებულია 53 861 მოსწავლე [მათგან 5 846 პირველკლასელია] და 7 033 მასწავლებელი.
კომენტარი