სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ქართული სიმფონიური მუსიკა ერაყში და ქართველი დირიჟორი (ვიდეო)

როგორც თვითონ მიხეილ მენაბდე იხსენებს, სპექტაკლებისა და რეპეტიციებისაგან თავისუფალ დროს ხშირად თეატრის საორკესტრო ორმოში ატარებდა. ეს არ გამოპარვიათ ჩვენს დირიჟორებს, შეამოწმეს მისი შესაძლებლობები და აღმოჩნდა,რომ მიხეილი დირიჟორად იყო დაბადებული.

მანამდე კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1999 წელს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გიორგი ალექსიძის ხელმძღვანელობით გაიხსნა ბალეტის რეჟისურის სპეციალობა, სადაც, სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიის სასწავლო გეგმის ანალოგიით, დიდი ადგილი დაეთმო მუსიკალურ განათლებას. სწორედ აქ შეხვდა მიხეილი ნანა ლორიას - პროფესორს, მუსიკათმცოდნეს, თბილისის კონსერვატორიის დეკანს, რომელმაც შეძლო მისთვის მიეცა ის მუსიკალური განათლება, რომელიც გასცდა სასწავლო პროგრამის ფარგლებს.

და, რაც მთავარია, მან დააარწმუნა, რომ დიდი ძალისხმევით შეძლებდა სანუკვარი ოცნების ასრულებას - საბალეტო სპექტაკლების დირიჟორობას. ამისათვის კი ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. მიხეილი ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიის მოსამზადებელ განყოფილებაზე და ჩააბარა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

სწორედ ამ დროს თეატრში დიდი ცვლილებები მოხდა: ბალეტის დასს ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჩაუდგა და დაიწყო ინტენსიური და საინტერესო საბალეტო ცხოვრება. ის ბევრ სპექტაკლში იყო დაკავებული, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და ბალეტში დარჩა.

საბოლოო მიზნითვის - საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობის დაუფლება - მაინც არ უღალატია: მთელი ის პერიოდი ემზადებოდა და 2006 წლის ზაფხულში წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები კიევის მუსიკალურ აკადემიაში საოპერო-სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის სპეციალობაზე.

როგორც ხდება ხოლმე, ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, მაგრამ მიზანზე უარი არასდროს უთქვამს. საქართველოს პირველი ლედის ფონდმა ორი წლით მიხეილ მენაბდის კიევში სწავლა სრულად დააფინანსა.

ახლა პრობლემები უკან დარჩა და მიხეილ მენაბდეც მალე აპირებს თბილისში დაბრუნებას. ამჟამად მიხეილი კიევის ნაციონალური ფილარმონიის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობს.

სულ ახლახან, ერაყის ქალაქ სულემანში, ამ ქვეყანაში პირველად ჩატარდა ქართული სიმფონიური მუსიკის კონცერტი. სხვებთან ერთად, სულხან ცინცაძის ნაწარმოებებიც შესრულდა და ორკესტრს, რა თქმა უნდა, მიხეილ მენაბდე დირიჟორობდა. კონცერტმა სრული ფურორი მოახდინა, თუმცა, თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, მთავარი ფურორი ჯერ კიდევ წინაა – მიხეილ მენაბდე მალე თბილისში ჩამოვა...

სტატიას თანდართულ ვიდეო იმდროინდელია, როცა მიხეილ მენაბდე ჯერ კიდევ ბალეტში იყო. ვიდეორგოლში მიხეილი ლალი კანდელაკთან ერთად გია ყანჩელის მუსიკაზე, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფობით დადგმულ Instead of Tango–ს ცეკვავს. კადრები 2005 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრშია გადაღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100