ყაზბეგის მთაზე გარდაცვლილი უკრაინელი მთამსვლელის ცხედარი 5.000 მეტრის სიმაღლეზეა
მორიგი უბედური შემთხვევა ალპინისტთა მარშრუტის დროს ამჯერად ყაზბეგის მთაზე, უკრაინელი მთამსვლელების ლაშქრობის დროს მოხდა. გუშინ ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურმა მობილურიდან გაგზავნილი sms მიიღო, რომელიც მთამსვლელთა ჯგუფის ხელმძღვანელის, იგორ ლოგვინენკოს გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მთამსვლელის ცხედარი დაახლოებით 5.000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება.
ჯგუფის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ დანარჩენმა მთამსვლელებმა მეტად თამამი გადაწყვეტილება მიიღეს: გადაწყვიტეს, მაშველების მისვლამდე იმ ადგილთან ახლოს დარჩენილიყვნენ, სადაც ლოგვინენკო დაიღუპა. ისევ მობილურის საშუალებით მათ მაშველებს ზუსტი კოორდინატები შეატყობინეს და ამ დრომდე ელოდებიან. უკრაინელმა მთამსვლელებმა უკვე იციან, რომ ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურში მათი ევაკუაციის გეგმა შედგა.
ყაზბეგის მთაზე ამ დროისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რაც სამაშველო ოპერაციას, სავარაუდოდ, გაართულებს. ამის მიუხედავად, მაშველთა ჯგუფი მაინც გაიგზავნა. მათ რთული მისიის შესრულება მოუწევთ: ცაკლე დაოსებული, ცოცხალი უკრაინელი მთამსვლელების ევაკუაციაზე, ცალკე კი მათი გარდაცვლილი მეთაურის ჩამოსვენებაზე უნდა იზრუნონ.
„ინტერფაქსის“ ცნობით, მაშველებმა უკვე მიაღწიეს იმ ადგილამდე, სადაც ცოცხლად გადარჩენილი უკრაინელი მთამსვლელები არიან გაჩერებული.
სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მაშველები და უკრაინელი მთამსვლელები რიჟანოვსკის ქოხამდე დაეშვებიან, რომელიც 3.100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რათა ღამე ქოხში გაათიონ, გარდაცვლილი მთამსვლელის ჩამოსვენებას კი ხვალ შეეცდებიან.
„სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებს, მთაში ნისლი და მოღრუბლულობაა. დაბლობისკენ მთამსვლელების გადმოყვანა უკვე ხვალ, შუადღისთვის იგეგმება“, - ნათქვამია პრესრელიზში.
კომენტარი