„მარნეული აგროში” კიტრის პირველი მოსავალი მიიღეს
„მარნეული აგროში“ 2014 წლის სეზონისთვის სამზადისი მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა - 24 მაისს საწარმოში კიტრის პირველი მოსავალი მიიღეს. კიტრის კრეფვა ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მოსავლის აღების პარალელურად „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ კიტრის მწნილის წარმოებაც განახლდა.
წელს საწარმოში კიტრის განსაკუთრებულ მოსავალს ელიან, შესაბმისად, იმედოვნებენ, რომ შედეგი შარშანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება.
„შარშან, 16 ჰექტრიდან მიღებულმა მოსავალმა 1050 ტონა შეადგინა, რაც შეეხება წარმოებას, კიტრი 7 მოცულობის ფორმატებში, კერძოდ 200 მლ, 250 მლ, 340, 580, 700, 1000 და 3 000 მლ-იანი ტევადობის ქილაში გადანაწილდა. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე კიტრის მწნილის წარმოებამ რეკორდულ ციფრს მიაღწია - 2 მილიონი კიტრის მწნილის ქილა საწარმოსგან. წელს, გაცილებით დიდი მოსავალს ველით, დამუშავებული ფართობის რაოდენობა 25 ჰექტრამდე გაიზარდა. შესაბამისად, თუ შარშან 2012 წელთან შედარებით წარმოების ზრდა 20 პროცენტს აღწევდა, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება,“ - განმარტავს „მარნეული აგროს“ დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
კომენტარი