ღარიბაშვილის კომენტარი ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის ძირითად ტექსტში საუბარია მხოლოდ პოზიტივზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რადგან დოკუმენტში საგანგაშო არაფერია.
„საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში გამოხატულია ძირითადად პარტიების აზრი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული საკითხებისადმი. აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. რეზოლუციის ძირიტად ტექსტში საუბარია მხოლოდ პოზიტივზე. სააკაშვილის და ახალაიას თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, არც ერთ საქმესთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს გამჭვირვალედ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაჩო ახალაია ბრალდებულია ადამიანების წამებაში და მსოფლიო სტანდარტია, როდესაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავარმა მომხსენებელმა სილევიჩმა თავად განაცხადა, რომ ეს მათი პოზიცია არ იყო და მონიტორინგის კომიტეტი პროექტის უკან გამოთხოვასაც ცდილობდა, თუმცა, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობაში ყოფნის გამო ეს ვერ მოხერხდა.
„დღეს საზოგადოებას ჭკუას ასწავლის ბოკერია - ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს - პატიმრების წამება, გაუპატიურება, ამ ყველაფრის შეფუთვა ევალებოდა ბოკერიას. ეს ადამიანები დღეს ებრძვიან სახელმწიფოს, მოსახლეობას და აკეთებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში. ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი დღითიდღე ახდენენ საკუთარი თავის მარგინალიზებას, მოსახლეობაში თესენ სიძულვილს, აგრესიას და ძალიან რთული იქნება მათი რეინტეგრირება საზოგადოებაში. მე მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა. ეს არის მავნებლური საქმიანობა, რითაც ისინი აზიანებენ სახელმწიფოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს სასამართლო ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელია, როგორიც ნებისმიერი ევროპული სასამართლო.
კომენტარი