გიორგი გურგულია: „ჩვენ გვინდა პარტნიორი, რომელიც ადამიანად ჩაგვთვლის და არა ძაღლად“
მსახიობი და რეჟისორი, რომელიც პოლიტიკაში მოდის. აწ უკვე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გურგულია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გია თორთლაძემ წამოაყენა. მაჟორიტარი კანდიდატი ვაკელების მხარდაჭერაში თითქმის დარწმუნებულია, რადგან ამ უბანში გაიზარდა და ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. გიორგი გურგულია თბილისელებს გამარჯვების შემთხვევაში ამ ქალაქში მცხოვრებლების ბედნიერ სახეებს და გვერდში დგომას ჰპირდება. ასაკიან, მაგრამ ახალბედა პოლიტიკოსს „დრონი.ჯი“ ესაუბრა.
„დრონი.ჯი“: როგორ ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური გამოუცდელობის მიუხედავად, გია თორთლაძემ რატომ შეაჩერა თქვენზე არჩევანი და წამოგაყენათ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად? ეს პიროვნული ნაცნობობიდან გამომდინარე ხომ არ მოხდა?
გიორგი გურგულია:
ჩ
ემი ძალიან ბევრი მეგობარი გიას პარტიაშია და მას უდგანან მხარში. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი ბიძგი იმისა, რომ გიას გვერდით ვყოფილიყავი. გიას პატივს ვცემ, როგორც ვაჟკაცს, რადგან ალპინისტი არ შეიძლება ვაჟკაცი არ იყოს. არჩევნები - ეს არის ტახტისთვის ბრძოლა. ვიღაცები ტახტის მოსაპოვებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან. ურჩევნიათ შეეკრან მტერს და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში.
- თქვენ პროფესიით რეჟისორი ხართ. მანამდე თუ გქონიათ შეხება პოლიტიკასთან, თუ ამ შემთხვევაში დებიუტი შედგა?
- პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვწერდი პროექტებს და ორგანიზებას ვუწევდი ხშირად ერთმანეთისადმი კონკურენტული პარტიების საარჩევნო კამპანიას. ამ მთავრობის მიერ ე. წ. განახლების პროექტებიც ჩემი დაწერილია, მაგალითად, ბათუმის განახლება და ასე შემდეგ. ეს ჩემი ქვეყანაა და არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ამ შემთხვევაში რაიმე განკერძოებულია. პოლიტიკა ემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას.
- რატომ უნდა მოგცეთ ვაკის ამომრჩეველმა ხმა, რას ჰპირდებით მათ და რის გაკეთებას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ ვაკის დეპუტატი გახდით?
- ამერიკაში რომ მივდიოდი, პატრიარქის მზის ხეს ვაკოცე, ისე წავედი. ხისთვის იმიტომ არ მიკოცნია, რომ ვიღაცას გადაეღო და გაეპიარებინა. ეს არის გამოხატულება ჩემი ქალაქის სიყვარულისა. ბოლო პერიოდია სულ დაძაბულობაა, ზვიადიდან მოყოლებული, როცა ორ ჯგუფად იყოფოდა საქართველო. საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, რადგან საქართველო მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს იყო ძლიერი, რადგან ერთიანი იყო.
ვეცდები, ვაკელების ყველა პრობლემა მივიტანო გულთან და მაქსიმალურად დავეხმარო ადამიანებს. ამას ისედაც ვაკეთებდი და შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებოდი. ყველა პრობლემის გადაჭრას ვეცდები სწრაფად და ეფექტურად, რათა გაღიმებული და ბედნიერი იყოს ყველა.
- როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
- ძალიან რეალურად. ჩემი კინოდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თბილისში ბევრს ვუყვარვარ. ვაკე არის ჩემი უბანი და ვფიქრობ, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შევძელი ბევრი ადამიანისთვის შემეყვარებინა თავი. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის.
- ამბობენ, რომ გია თორთლაძე ხელისუფლების სატელიტია, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ეგრე რომ ვფიქრობდე, გიას გვერდით ნამდვილად არ ვიქნებოდი. როცა მე და გია რადიკალურ ოპოზიციაში ვიყავით, ვფიქრობდი, რომ გარედან შეიძლებოდა ბრძოლა და შედეგის მიღწევა. თუმცა ძაღლის ყეფასავით გამოვიდა. ახლა უკვე გია პარლამენტში შევიდა, ალბათ ეს აზრიც იმიტომ გაჩნდა. გია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და სხვა გამოსავალი არაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სატელიტია. პარლამენტში კი ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ზედმეტად გადაადგმევინოს ნაბიჯები ხალხის კეთილდღეობისკენ.
არჩევნები - ეს არის ტახტისთვის ბრძოლა. ვიღაცები ტახტის მოსაპოვებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან. ურჩევნიათ შეეკრან მტერს და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა თავისი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ქვეყანა გაწიროს, რათა ამბიციები დაიკმაყოფილოს. მოღალატეობაც სწორედ ეგ არის. მე ვფიქრობ, ამ ოპოზიციასაც ეს დაემართა. ეშმაკთანაც კი მიდიან გარიგებაზე.
- ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ რუსეთის მმართველ პარტიასთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ეს თამაშია. თითქოს იმდენად დიდსულოვანი ხარ, წახვიდე და დაელაპარაკო მტერს. გადაადგმევინო ისეთი ნაბიჯები, რომელსაც მტერი ამ მთავრობის პირობებში ვერ დგამს. ამბობენ კიდეც, ჩვენი ხელისუფლება რუსეთს არ ელაპარაკება და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც რუსეთს ველაპარაკებითო. მინდა მათ ვუთხრა, რუსეთთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, თუ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა. რუსეთი კი ამაზე არ თანხმდება. ამაზე თუ არა, აბა, სხვა რა თემაზე უნდა ველაპარაკო რუსეთს?
- ნოღაიდელი რისთვის დადის, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ თანხმდება?
- საპიარო ფულისთვის და იმისთვის, რომ მთავრობაში როგორმე მოვიდეს. ხალხი არც გაჰყვება მაგ ადამიანს, რადგან არც რეიტინგი აქვს და თან მხოლოდ ამბიციები ამოძრავებს.
ამერიკასთან და ევროატლანტიკურ ბლოკში პარტნიორობა ბევრად უფრო გვაწყობს. რუსეთთან ორასი წელი ვიყავით და საქართველოს კეთილდღეობისთვის ნაბიჯი არ გადადგმულა. 9 აპრილიდან მოყოლებული, როცა ჩემს თავზე გამოვცადე ცემაც და მოწამვლაც, დავრწმუნდი, რომ რუსისთვის ქართველი არის ტერიტორია, რომელსაც სხვა თვალით უყურებს. ჩევნ გვინდა პარტნიორი, რომელიც ადამიანადD ჩაგვთვლის და არა ძაღლად.
- რატომ არ იჭერს ხელისუფლება ნოღაიდელს. ხელისუფლებას ნოღაიდელის წარსულიდან გამომდინარე არ უნდა გაუჭირდეს მასზე კომპრომატების მოძიება. ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ნოღაიდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს...
- პოლიტიკა ძალიან რთული რამაა და ამაზე ასე მარტივად საუბარიც ძნელია. პოლიტიკაში გარიგებები ხდება. ამ შემთხვევაში არა მგონია, რომ ნოღაიდელი ხელისუფლების დავალებებით მოქმედებდეს.
პოლიტიკა ჭადრაკივითაა. შეიძლება შესწირო ცხენი და პარტია მოიგო, ან არაფერი შესწირო და წააგო პარტია. ამგვარი შეწირვები პოლიტიკაში ხდება და სააკაძის მსგავსად, თავდადებული ხალხიც არის ამ ქვეყანაში, მაგრამ ნოღაიდელის შემთხვევა ალბათ უფრო სხვა რანგია.
- არსებული ოპოზიციური სპექტრიდან ვისთან წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა, რომელი პოლიტიკური ლიდერის მოსაზრებები ემთხვევა თქვენსას?
- მე ნებისმიერ ქართველთან მეგობრობა შემიძლია, ვინც თავის ქვეყნისთვის გადადგამს საკეთილდღეო ნაბიჯს. მტერში მტერი კი არა, ძმა უნდა ვეძებოთ. ანალოგიური ხდება პარტიებთან მიმართებაშიც. როცა პარტიები პროგრამებს წარადგენენ, კარგად გამოჩნდება ვინ არიან საქართველოს მოკავშირეები.
- თქვენ მოგებული გქონდათ „მწვანე ბარათი“ და გაემგზავრეთ ამერიკაში. რა მოხდა, რატომ აღმოჩნდით ისევ საქართველოში?
- მე, აგვისტოს ომამდე წავედი და ზუსტად ერთ თვეში დაიწყო ომი. როცა გავიგე, პირველივე რეისით ჩამოვედი საქართველოში. უფლება არ მქონდა მხოლოდ ტელევიზიით მედევნებინა თვალი. ომში წასვლის განწყობით ჩამოვედი, მაგრამ ომი მალევე მორჩა. შემდეგ კვლავ წავედი ამერიკაში. ამერიკული წესით ვერასოდეს ვიცხოვრებ. ამერიკას გამოვიყენებ მხოლოდ კინოში, ამიტომაც ჩავაბარე კინო-სკოლაში.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი'
კომენტარი