„დე, ვიდრე შენ მეყოლები“- ორსული ქალის მონოლოგი
სული მეხუთება,
ქუჩაში სიჩუმის ხმაურია,
და ამ ოთახიდან ერთი კარია და გასაქცევი,
დე,
შენ რა იცი და სამყარომ იმდენად აურია,
ვიდრე მეყოლები,
ალბათ დედამიწა დაიქცევა!..
დრო მოვა – გეტყვი, რომ ლექსები ყველაზე ნამდვილია,
ყველა არტერია სევდით გამიჟღინთა სიმარტოვემ,
დე, შენ რა გესმის და სიკვდილი იმდენად ადვილია,
ვიდრე მეყოლები, ალბათ პოეტობას მივატოვებ...
ღმერთი გასწყრომიათ, კერპებს მოუნდომეს გაღმერთება,
ღმერთსაც არ ჰქონია ბედი ამნაირი გაღმერთების,
დე, შენც ჩემნაირად სულში გალაქტიკა ჩაგეტევა,
არცერთ წაქცევას და არცერთ წაგებას არ დანებდები.
სარკმლის მინები კი თეთრი ფანტელებით დაფერილა,
ვერვინ გამიგო და შენ ყველაზე უკეთ ხვდები, იცი რატომ,
სისხლით რახანია ლექსი აღარცერთი დაწერილა,
სისხლის ყველა წვეთი დე ხვალ–ზეგ შენ უნდა გიწილადო.
ჩემს სახლს სახურავად წვიმის დაწყება და ზეცა ხურავს,
ზეცას პოეტურად ერთი ვარსკვლავი და სევდა შვენის,
''მზეო თიბათვისას'' სადმე წაიკითხავ ჩემებურად,
ვიღაც შენიშნავს, რომ ''ასე კითხულობდა დედაშენი.''
სულში ოცნებების ციხე–სიმაგრეთა ნაშალია,
ისე მიყვარხარ რომ ცას და დედამიწას ვეტოლები,
დე, შენ რა იცი და ბედი აქ ისეთი აშარია,
ვინ იცის რამდენჯერ იავდრებს, ვიდრე შენ მეყოლები.
მთვარეს გიფერადებ ყველა ოცნებაში ჩემეულში,
ცხოვრება წამივით მოკლე და შავ–თეთრი სიზმარია,
დე, შენ ჯერ არ ხარ და შენი სიცილია მთელს სხეულში,
რომელზეც ვფიქრობ და რომელიც მათბობს და მიხარია!..
წყარო: "არა სიცოცხლე,არა სიკვდილი,არამედ რაღაც სხვა"
კომენტარი