სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეტური რჩევები 30 წელს გადაცილებული ქალებისათვის

ქალების 33%-ს 30 წლიდან ჭარბი წონა აღენიშნება და ეს არც არის გასაკვირი – შენელებული მეტაბოლიზმი, მუდმივი სტრესი და ვარჯიშისთვის დარჩენილი ძალიან ცოტა დრო თავის საქმეს აკეთებს.
დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი:
როდესაც ქალი 30-ს გადააბიჯებს, მისი სხეული კუნთოვან მასას კარგავს და ადამიანი წონაში იმატებს. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული: ენერგიის მოცულობა, რომელიც ორგანიზმის თვითუზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი, კუნთოვანი მასის მოცულობით განისაზღვრება.

რაც უფრო მეტია კუნთი, მით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს ორგანიზმი, მით უფრო მეტი კალორია იწვება და ადამიანიც უფრო ტანადია. თუ კუნთი ნაკლები მოცულობისაა, მეტაბოლიზმის ტემპიც ეცემა. გამოსავალი: შეიძინეთ ან მოიძიეთ გადამალული სასწორი, დაიწყეთ ვარჯიში და აკონტროლეთ წონა. ვარჯიში რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ. ასეთ შემთხვევაში ძალოსნური ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარდიოდატვირთვა.

აკონტროლეთ წონა:
30 წლის ასაკში ბევრი ქალი უკვე დედაა. მათ უმრავლესობას მშობიარობიდან 2,5 წლის განმავლობაში არ შეუძლია გამოეთხოვოს ორსულობის დროს აკრეფილ 3-4 კილოგრამს. თუ ბავშვის დაბადების შემდეგ მოკლე ხანშივე არ დაიწყეთ ამ საკითხზე ზრუნვა, მომავალში გასუქების რისკი მნიშვნელოვნად იმატებს. დასკვნა: შეეცადეთ აკონტროლოთ წონა ორსულობის დროს, ყურადღება მიაქციეთ კალენდარსაც. ნუ გაიხდით ამ პერიოდში დევიზად “მე ორი ადამიანის სამყოფი უნდა ვჭამო”. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც წონის ნორმალური, თქვენთვის ფიზიოლოგიური მატების რუკის შედგენაში დაგეხმარებათ. თუ ორსულობისას 11-12 კილოგრამი მოიმატეთ, მას ბავშვის გაჩენიდან 1-1,5 თვეში დაიკლებთ, რადგან ძირითადი მასა უშუალოდ მშობიარობისას დაიკარგება. თუ მატება 15 კილოგრამია, მაშინ მასთან დასამშვიდობებლად საკმაო ჯაფა მოგიწევთ. ჩვეულებრივ, საწყის ფორმაში დასაბრუნებლად 10 თვიდან 2 წლამდეა საჭირო. ამ პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა დაბალანსებული კვება რაციონში ხილის, თევზისა და ფრინველის ხორცის უპირატესი შეტანით. მაგრამ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ ღირს დღიური კალორაჟის 1800 კკალ-ზე დაბლა დაშვება. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესანიშნავი სავარჯიშო საშუალებაც არის – ხშირად ისეირნეთ მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, ატარეთ ხელით და თუ საშუალებაც გექნებათ, მასთან ერთად იარეთ აუზზეც.

სძლიეთ სტრესს:
როდესაც სამსახურში ხშირად რჩებით გვიანობამდე, მოგემატათ დატვირთვა და მასთან ერთად პასუხისმგებლობაც, ორგანიზმის გამოფიტვა შორს აღარ არის. მიჩნეულია, რომ 30 წელს გადაცილებული ქალების მთავარი პრობლემაა შფოთვა და შიშის განცდაა, იმის განცდა, რომ ვერაფერს ასწრებენ, არ შესწევთ უნარი, თავს დატეხილ პრობლემებს გაუმკლავდნენ. მიღებულია, რომ სტრესს ქალები ცხიმიანი და ტკბილი საკვებით “ინელებენ”. ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ იმ ქალების 25%, რომლებიც ძალიან იტვირთვებიან და იღლებიან სამსახურში, ადვილად იმატებს წონას. ის, ვისაც სამსახურში მუდამ სტრესული სიტუაცია აქვს, უფრო მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის განვითარებისკენ. სტრესი ცვლის სხეულის ფსიქოლოგიას: ორგანიზმი ვეღარ ხვდება, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი. შედეგად კი ავადდება. გამოსავალი: ნუ მოინელებთ საკუთარ თავს! დაღლილობამ იცის მძიმე აზრების პროვოცირება: “ვერაფერს მოვასწრებ”, “რომ ვერ შევძლო?” ამგვარი ეჭვები დესტრუქციულია და უფრო ღრმად ჩაგაგდებთ დეპრესიაში. თანაც ამით ვერც სამუშაო გრაფიკის განტვირთვას შეძლებთ, ვერც დასვენებისთვის დროის გამონახვას და ვერც ბნელი აზრებისგან თავის დაღწევას. ცხადია, ნამცხვარი ამ შემთხვევაში სტრესთან ბრძოლის ყველაზე მარტივი და სასიამოვნო საშუალებაა. თანაც ტკბილეულის შთანთქმის სასარგებლოდ არგუმენტები ყოველთვის მოიძებნება: რთული სამუშაო, მძიმე გარემოებები… ნუ აჰყვებით ემოციებს. მოძებნეთ ალტერნატიული ვარიანტი: გაავლეთ ბარიერი თქვენი ამბიციურობის გზაზე. ნუ აიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იცით, რომ გადაჭარბებულ მუშაობას მოითხოვს. არავინ გედავებათ, რომ თქვენ ამასთან გამკლავებას შეძლებთ, მაგრამ რის ფასად? თუ სამსახურში სტრესი გარდაუვალია, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, ვისაც დარდს გაუზიარებთ: დაუმეგობრდით კოლეგებს, გულითადად ესაუბრეთ ხელქვეითებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100