სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა დავასრულოთ ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები - კალაძე

მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ, ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვამ მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეგვკრა საერთო მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის შეუძლებელია ემოციის გარეშე გამოსვლა აქ შეკრებილი უამრავი ღირსეული, პატრიოტი ადამიანის წინაშე. დღეს ისევ ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ.

დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ.

თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო - ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.
ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა.
და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს.

ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დასრულდეს ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში.

"9 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვასა და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

ჩვენ, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ამ ქვეყანაში, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც, ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან, უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი და მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100