სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ოფიციალური განცხადება და განმარტებები ლარის კურსთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„2014 წლის შემოდგომიდან ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც დამახასიათებელია.

სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ.

მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე.

საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი).

როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები", რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე.

ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.

ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100