სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვიკილიქსის“ ახალი საიდუმლო დოკუმენტები და პაკისტანი

უსამა ბინ-ლადენის თემასთან დაკავშირებით, სკანდალური საიტი „ვიკილიქსი“ ახალ დეტალებს ავრცელებს. საიტის მონაცემებით, ინგლისური ვერტმფრენები უშუალოდ ძებნილი ტერორისტის სახლის თავზე მაშინ დაფრინავდნენ, როცა ბენ ლადენმა იქ ცხოვრება დაიწყო. ამის შესახებ კი, იმ დროისთვის, ბრიტანულ დაზვერვას წარმოდგენაც არ ჰქონდა.

საქმე კი ისაა, რომ 2005 წელს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები პაკისტანის ჩრდილოეთით, სამხედრო ქალაქ აბოტაბატში იქნენ გაგზავნილი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ბენ ლადენი მოკლეს. სწორედ იმ დროს გადავიდა იქ ოჯახთან ერთად „ალ-ქაიდას“ შეფი.

„ვიკილიქსის“ მონაცემებით, ტერორისტის სახლი აბოტაბადის სამხედრო აკადემიიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში იყო. 2008 წელს, აქვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სწავლებები, რომელიც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ლიკვიდაციას ეხებოდა. თავის მხრივ, ამერიკელი სამხედროებიც აღნიშნავენ, რომ ნომერ პირველი ტერორისტის თავშესაფრის აღმოჩენა, მათ ჯერ კიდევ 2009 წელს შეეძლოთ, თუმცა მაშინ ეს, მთელი რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ამ თემასთან დაკავშირებით, სწორედ ახლა გახმაურდა, რომ პაკისტანი 10 წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ უსამა ბინ ლადენს ამერიკელი სამხედროებისაგან დამალვაში. 2009 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პაკისტანის სპეცსამსახურების თანამშრომლები აფრთხილებდნენ ბენ ლადენს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, როგორც კი შეიტყობდნენ, რომ ამერიკელემა მისი თავშესაფრის თაობაზე ინფორმაცია მოიპოვეს.

საიტის მონაცემებითვე, 2009 წლის დეკემბერში, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ბინ ლადენის შეპყრობის ოპერაცია, შესაძლოა, პაკისტანელი სამხედროების მიერ ჩაშლილიყო. ტაჯიკი გენერლის, აბდულო ნაზაროვის თქმით, მისი ქვეყნის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა დააფიქსირა, რომ პაკისტანში საშიში ტერორისტის ყოფნის შესახებ ინფორმაცია ბევრს ჰქონდა და ამას მალავდნენ.

„პაკისტანში უსამა ბინ ლადენი უჩინარი არ არის და ჩრდილოეთ ვაზირისტანში მისი ადგილსამყოფელის შესახებ იციან, როდესაც რამდენჯერმე იყო იმის შესაძლებლობა, რომ უშიშროების ძალებს ბენ ლადენზე თავდასხმა განეხორციელებინათ, მტერმა გაფრთხილება მიიღო და უსაფრთხო ადგილას გადავიდა“ - ნათქვამია ნაზაროვის დეპეშაში.

მოკლედ, „ვიკილისქის“ მიხედვით, ბირთვული სახელმწიფო პაკისტანი და მისი „პროამერიკული“ ხელისუფლება ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სკანდალურმა საიტმა კი ამჯერად ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომელიც ჯულიან ასანჟს დანა-სისხლად ჰყავს გადაკიდებული, ახლა ამ ცნობების გასაჯაროებით, წესით, ფრიად კმაყოფილი უნდა დარჩეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100