2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში გადასახადებზე, პატიმრებსა და „ბუდა-ბარზეც“ გაკეთდა აქცენტი
„აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ“, - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში და განმარტავს, რომ ეს კანონი ნიშნავს, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.
"პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა", - ბრძანებს პატრიარქი.
კათოლიკოს-პატრიარქმა ხელისუფლებას გადასახადების შემცირებისკენაც მოუწოდა. პატრიარქი ბრძანებს, რომ მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავაც დაუცველ ფენას წარმოადგენს; დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი; არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.
"საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია. თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი", - ნათქვამია ეპისტოლეში.
ეპისტოლეში თავისუფლების არსზე საუბრის დროს პატრიარქი ამბობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით უნდა დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას.
"რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა. რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?! ,,საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია" _ წერს II-III-საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.
ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას".
პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ დღეს საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს და არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური ,,ჭეშმარიტებები”. ”მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული. თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას! ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც”, - ბრძანებს პატრიარქი.
სწორედ „ახალი იდეოლოგიის“ გამოვლინებად მიაჩნია პატრიარქს „ბუდა-ბარის“ მშენებლობა თბილისში:
"როგორც ჩანს, ,,ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, _ კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა ,,გმირების" პოპულარიზაცია", - ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქმა პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ეპისტოლეში პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან, იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ. კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებ საშიშია", - ბრძანებს პატრიარქი. პატიმართა მდგომარეობაზე საუბრის დროს კი აღნიშნავს:
"დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი. აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადების, ისე ჩ ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში - დროული მკურნალობა",
პატრიარქმა სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, ხელისუფლებას ექიმების პრესტიჟის დაცვისკენ მოუწოდა:
"ექიმობა ღვთივკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში, ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა",- ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში, ჯანდაცვის სფეროზე საუბრის დროს კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოტანილ თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხის შემოწმება აუცილებელია. მისი თქმით, ავადმყოფის მკურნალობა ასევეა დამოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებააზე და "უვარგისი და ფალსიფიცირებული წამალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს".
„მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!“, - ამ მოწოდებით ასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეს.
პატრიარქი ეპისტოლეში ბრძანებს, რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, - სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული.
"უფალი ბრძანებს - მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, უკრაინელნო, ქართველნო, ბერძენნო, ასირიელნო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო და ქურთნო, უდინნო, იეზიდნო და სხვანო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!"
მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მიხედვით.
კომენტარი