რუსეთიდან საქართველოში მალე ახალი ამერიკული ნარკოტიკი „ბაუნტი“ შემოვა... (ვიდეო)
გაზაფხულზე რუსეთიდან საქართველოში ახალი ნარკოტიკის „ბაუნტის“ დიდი რაოდენობით შემოდინებაა მოსალოდნელი. ეს ნარკოტიკი ფხვნილის სახით კუსტარულად მზადდება ერთ-ერთი ამერიკული ფსიქოტროპული პრეპარატისგან, რომელმაც აშშ-ში ტესტირება 2006 წელს გაიარა და რომელიც აკრძალულ პრეპარატთა სიაში არც საქართველოშია შეტანილი და არც რუსეთში.
პრეპარატი აბების სახით ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიებში იყიდება, თუმცა, მისგან მოსაწევი ფხვნილის შექმნა უკვე კარგად „დაამუღამეს“ რუსმა წამალდამოკიდებულებმა. ფსიქოტროპულ პრეპარატს დაფქვის შემდეგ ასევე დაფქული სრულიად უწყინარი და ადვილად ხელმისაწვდომი პრეპარატი ერევა და შედეგად მიიღება ფხვნილის მასა, რომელსაც ჩვეულებრივ, ე.წ. ტარიანში ახვევენ და ეწევიან. როგორც წამალდამოკიდებულები აცხადებენ, მოსაწევი სასიამოვნო მოდუნებას და „სასიამოვნო ჰალუცინაციებს“ იწვევს. რამდენიმე ინტერნეტსაიტზე ამ მოსაწევის მომზადების მეთოდიც დაწვრილებით აღწერეს, თუმცა, რასაკვირველია, არც მეთოდს და არც ვებ-გვერდის ბმულს არ ვაქვეყნებთ.
რუსულ ინტერნეტსივრცეს კი ელვის სისწრაფით მოედო ვიდეორგოლი, რომელიც ნოვოსიბირსკის ცენტრშია გადაღებული და სადაც აშკარად ჩანს, როგორ ყიდულობენ რიგში ჩამდგარი რუსი წამალდამოკიდებულები გაჩერებულ მანქანაში მყოფთაგან, დღისით-მზისით, ზემოთხსენებულ ნარკოტიკს. სხვათა შორის, ნარკოტიკის ფასი სულაც არაა კატასტროფული და ბევრად ჩამოუვარდება სახელგანთქმული ფრანგული „სუბუტექსის“ ფასს.
სტატისტიკის მიხედვით, ნოვოსიბირსკში ათასობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა და პატიოსანი გარჯით, ზოგჯერ ფიზიკური მუშაობის შედეგად ანაზღაურების მიმღები, მაგრამ მათ გარდა, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები, ან სულაც, „ნეიტრალი“ წამალდამოკიდებულებიც მრავლად არიან.
სწორედ მათი საშუალებით შემოვა საქართველოში რუსეთიდან ახალი ნარკოტიკი, ვინაიდან მისი აღმოჩენის შემთხვევაში, აბების ჩამორთმევის სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს - როგორც მოგახსენეთ, ამერიკული პრეპარატი არ შედის იმ პრეპარატთა სიაში, რომელთა ბრუნვასაც სახელმწიფო აკონტროლებს.
ალბათ, იმის წარმოდგენაც არაა ძნელი, რამდენი ახალგაზრდა გახდება წამალდამოკიდებული ან გაიღრმავებს წამალდამოკიდებულებას იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი, საშუალოფასიანი ნარკოტიკი მასობრივად ხელმისწვდომი გახდება. ფხიზლად ყოფნა ქართულ მხარეს მართებს, თორემ რუსული მხარე ქართველი ახალგაზრდების გაუბედურებაზე და დანგრეულ ცხოვრებაზე ნამდვილად არ იდარდებს. ახალი პრეპარატის ბუმი საქართველოში გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად დაიწყება და თუმცა, საბედნიეროდ, ამ ვიდეოში გადაღებული სურათის ხილვა საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებებლი იქნება, მაგრამ საფრთხე მაინც დიდია და მისგან თავის ასარიდებლად კონკრეტული გეგმის შემუშავებაა საჭირო...
შენიშვნა: ვიდეორგოლი შეიცავს უცენზურო ფრაზებს
კომენტარი