სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება.
„ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დანაპირების ერთგული. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ვახტანგ გომელაურს. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ და მასთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, რომელიც პირნათლად შეასრულა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი. მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა და მჯერა, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურმა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა ექნება.
„ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი მოქალაქეების იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრინციპული სამსახური იქნება, ერთიანდება რამდენიმე დეპარტამენტი და ვიზრუნებთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს. ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100