სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმ ერთ-ორ ახირებულ პერსონასთან, ვინც დამარცხებები გამოგვიწერა, საერთო არაფერი მაქვს"

იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, არაფერი მაქვს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ”ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

მისი თქმით, არჩევნებში განვითარებული მოვლენების ფონზე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი-ორი ”უაზრო ტიპაჟი” კვლავ აგრძელებს ასეთ ლაპარაკს.

”რაღაცეებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, ვინც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს უაზრო ლაპარაკი - სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. რა შუაშია სააკაშვილი და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რამეზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა, მაგრამ ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, თუმცა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი - ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებს ერთი-ორი უაზრო ტიპაჟი ლაპარაკს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ხალხს, რომელზეც საუბრობს, პრობლემა არა სააკაშვილთან, არამედ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან აქვთ.

”დაიწყეს, თითქოს არსებობს რაღაც 8 თუ 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორც გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ, სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის... მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან - 600 000 მხარდამჭერთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, არაფერი საერთო არ მაქვს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს”, - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სანდრა რულოვსმაც მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით მებრძოლი თვისებები გამოაჩინა.

”სანდრამაც გამოიჩინა წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები. მასაც სრულიად ვუჭერ მხარს იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღო. ის არ ჩამოუშვებს ხელებს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენი საერთო გამარჯვების ნაწილი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100