შსს-მ 26 მაისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მომართვის, ასევე მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები."
ცნობილი ხდება, რომ ოთხი პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ერთი თანამდებობიდან ჩამოქვეითებული, სამს – სასტიკი საყვედური და რვას – საყვედური გამოეცხადა. მოკვლევის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს გააცნო.
შსს-ს განცხადებას დაუყონებლივ გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
"2011 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯნენ. მათ მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის 4 შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება," - წერია ომბუდმენის განცხადებაში.
კომენტარი