დღეს დაკავებული ირაკლი ბათიაშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სავარაუდოდ, მასაც, მის მეუღლესაც და ქალიშვილსაც სასამართლო 400 ლარიან ადმინისტრაციულ სახდელს შეუფარდებს. ასეთივე ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება კიდევ ერთ დაკავებულს, ლაშა ჩხარტიშვილს. ზემოთხსენებულ ოთხ პირთან ერთად დაკავებულ თეონა ქარდავას საქალაქო სასამართლომ უკვე დააკისრა 400 ლარის გადახდა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა. ამ წუთებში სასამართლო მაია და ირინა ბათიაშვილებისა და ლაშა ჩხარტიშვილის საკითხზე მსჯელობს. ყველა პროცესი დახურულია.
შეგახსნებთ, რომ მაია და ირინა ბარათაშვილები, ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა პარლამენტის წინ დღეს, დაახლოებით 17 საათზე დააკავეს, მაშინ როცა ისინი „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებოდნენ. მათ გამზადებული ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები და სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის გადაკეტვას გეგმავდნენ, რაც პოლიციამ არ დაუშვა. თვითმხილველთა თქმით, სამივე დაკავებული წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
რაც შეეხება ირაკლი ბათიაშვილს, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა საქალაქო სასამართლოში მივიდა და მეუღლისა და შვილის პროცესზე შესვლას ცდილობდა. მანდატურებმა მას ამის საშუალება იმ მოტივით არ მისცეს, რომ პროცესი დახურული იყო, ხოლო მისი მეუღლე და ქალიშვილი უზრუნველყოფილნი იყვნენ მათივე სურვილის მიხედვით შეჩეული ადვოკატით. ირაკლი ბათიაშვილი პროცესზე შეღწევას უხეში ფორმითა და მანდატურებისადმი არდამორჩილებით შეეცადა, რის შემდეგაც მანდატურებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს და პოლიციის მთაწმინდის განყოფილებაში გადაიყვანეს.
დაკავებულებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და ბოროტ დაუმორჩილებლობაში ედებათ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილმა, ირინამ და მისმა თანამოაზრეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოწოდება გუშინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ დაიწყეს. „შევიკრიბოთ და ყველას დავანახოთ, რომ გვახსოვს 26 მაისი. არ მივცეთ მათ ამ სამარცხვინო პრემიერისა და სამარცხვინო მიღების ჩატარების უფლება“, - ეწერა მოწოდებაში.
სხვათა შორის, სწორედ იმ დროს, როცა მაია და ირინა ბათიაშვილები, ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა კიოთეატრ „რუსთაველში“ დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლის მიზნით საპროტესტო აქციის მოწყობას იწყებდნენ, არა „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა, არამედ 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოსული წიგნის „გმირები“-ს - ინგლისურენოვანი ანალოგის პრეზენტაცია მიმდინარეობდა...
კომენტარი