თბილისში დილიდან ისევ თოვს, გზებზე კი 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა
თბილისში გუშინ საღამოს ტემპერატურა მკვეთღად დაეცა. ღამის განმავლობაში არ უთოვია, მაგრამ 28 ნოემბერს, დილიდან თოვა ისევ დაიწყო. ამჟამად თბილისსა და მის შემოგარენში წვრილი თოვლის ფიფქების ცვივა. სინოპტიკოსთა აზრით, ასეთი ამინდი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საერთოდ კი, უამინდობა დეკემბრის ბოლომდე გასტანს. თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა გუშინ, საღამოს 21 საათისთვის განუცხადა, გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მთელი ღამის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
"ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით ყველა გზა გაწმენდილია და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ამაღამ ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოყინულ გზებზე მარილი დავყაროთ და დილით გადაადგილება პრობლემა არ გახდეს", - აღნიშნა გუშინ შიოლაშვილმა. მისივე თქმით, 26 ნოემბრის საღამოდან მოყოლებული ამ დრომდე თბილისის მასშტაბით 800 ტონამდე ტექნიკური მარილი მოიყარა.
ამჟამად გადაადგილება თავისუფალია საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზეც. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგზაო დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ გასვიანმა განუცხადა, მოძრაობა, მათ შორის უღელტეხილებზე ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის ნებადართულია. "ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა ცენტრალური მაგისტრალი თოვლისგან გაწმენდილია და გზის ყველა მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია", - აღნიშნა გასვიანმა.
კომენტარი