სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტი

სარბიელზე გამოჩენისთანავე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში მოექცა და სახელმწიფოს შენებას მანამდე არნახული დინამიკა შესძინა. როგორც მოუხელთებელი მებრძოლების წესია, სწრაფად და ხშირად იცვალა პოზიციები; პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, იუსტიციის მინისტრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბოლოს კი ქვეყნის პრეზიდენტი...

„სააკაშვილის დრო წავიდა, სააკაშვილი დამთავრდა", - საჯაროდ განაცხადა შარშან ცხელი ნოემბრის დღეებში ოპოზიციონერმა თინა ხიდაშელმა, მაინც რამ წარმოშვა ასეთი სიძულვილი პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც - სამართლიანობა მოითხოვს ითქვას - ქეყნის სასიკეთოდ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რომელიმე სხვა ჩვენთაგანმა - 'ცუდას რად უნდა მტერობა..."

ის ჩვენი საყოფაქცევო ეთიკის ნორმებში არ ჯდება, სხვებივით რომელიღაც `სასტავის~ წარმოგზავნილად როდი შემოდგა ფეხი ქართული პოლიტიკური სცენის ფიცარნაგზე; არც პარტიის ან პოლიტიკური მოძრაობის შექმნით დაუწყია, - მას, უბრალოდ, დაუძახეს, მოიწვიეს, როგორც განსაკუთრებული ტალანტის მქონე ახალგაზრდა, როგორც განსწავლული ექსპერტი: კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტები, კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და ჯ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, ფლორენციის და ჰააგის აკადემიები, _ ეს ყველაფერი 28 წლისას უკვე უკან ჰქონდა მოტოვებული... პოლიტიკაში მოსვლის მერე მალევე გახდა წლის საუკეთესო ადამიანი (1997). საოცრად მაღალი „აიქიუ“ აქვს - სწრაფად აზროვნებს, ძალიან სწრაფად მოძრაობს, რის გამოც მის გარემოცვაში ერთი ორომტრიალია: თანამზრახველები ახალ-ახალი კომბინაციებით ჯგუფდებიან, მიტმასნილები და ამყოლები კი მის აკიდოს წყდებიან: ზოგი ბიზნესს აფარებს თავს, ზოგი ოპოზიციაში უდგება...

უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა, - შრომისუნარიანი მოსახლეობისგან დაცლილი, იავარქმნილი ქვეყანა: ოკუპირებული ტერიტორიებით, ნაგავსაყრელად ქცეული, გაბაზრებული ქალაქებით; ცოფიანი ძაღლების და კრიმინალური ბანდების პარპაშით სვეგამწარებული ხალხი; ერთადერთი, რაც მის სამშობლოდ სახელდებულ უპოვართა მხარეში ჰყვაოდა, - ყოვლისმომცველი კორუფცია იყო...

პოლიტიკურ დღის წესრიგში აურაცხელი გადაუჭრელი საკითხი დაგროვილიყო, - ისიც წარმოუდგენელი შემართებით ეკვეთა მათ; კრიმინალური ბორდელის ყველა ბინადარს მიაგო მისაგებელი: ადამიანის გამტაცებლებს - თუ ტექდათვალიერების თაღლითებს, კანონიერ ქურდებს - თუ ელიტარული ბინების უკანონო მფლობელებს; არც საბაჟოებში შეყუჟული გამომძალველები დაინდო და აღარც უცხო ქვეყნის ჯაშუშების სკანდალურ დაპატიმრებას მოერიდა. ღვართქაფივით დაატყდა აჭარის ერთპიროვნულ გამგებელს, ასლან აბაშიძეს და გონზე მოსვლა არ აცალა, ისე გაამგზავრა გოგის და მაგოგის ქვეყანაში; რუსეთის ორასწლიან სამხედრო ყოფნასაც მალე დაუსვა წერტილი; შევარდნაძის ცვედანი ხელისუფლების რუდიმენტს, მამლაყინწა ემზარ კვიციანს, ოპოზიციის პროტესტის და წიაქის მიუხედავად ამოუკვეთა ფეხი კოდორის ხეობიდან და უწინ საქართველოს სხეულის დაწყლულებულმა ნაწილებმა: აჭარამ და კოდორმა - აწ ახალი ეკონომიკური და თავდაცვითი პოტენციალი შემატეს ქვეყანას; ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, თავისი ხელით წასცხო პირველი საღებავი ჩაჟალტამებულ ფასადებს, - გააჩირაღდნა და გაათბო ქვეყანა; ჯარს საბრძოლო სული ჩაუდგა და სასოწარკვეთილ ლტოლვილებს იმედის კოცონი დაუნთო გულებში; განათლების, ჯანდაცვის, სამართლის ძირეული რეფორმირების პროცესი დაძრა, ერთი მეორეს მიაწია ტრანსნაციონალური მეგაპროექტები და, სრულიად მოულოდნელად, ჩვენი ტკივილიანი ისტორიის მტვერწაყრილი მარგალიტი - სიღნაღი გამოაჩინა ახლებური ბრწყინვალებით... და ეს ყველაფერი - უმოკლეს დროში, ხელის ერთი მოსმით; და ეს ყველაფერი - რუსეთის მხრიდან გამოუცხადებელი ომის, - „სამშვიდობო“ ოკუპანტების შლიგინის, დაბომბვების, ტერაქტების და სხვა პროვოკაციული გამოხდობების, ეკონომიკური ბლოკადის და გაუნელებელი ძირგამომთხრელი საქმიანობის ფონზე; და ეს ყველაფერი დემოკრატიის თანამდევი ძალაუფლებისთვის პერმანენტული ბრძოლის პირობებში: ოთხ წელიწადში ოთხი ჩატარებული და მოგებული არჩევნების ფონზე!!!...

შინაარსების ნაირგვარობის მიუხედავად ყველა ეს მიღწევა მაინც ერთ ჯგუფში ერთიანდება და იმ ამოცანებისაგან ცალკევდება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა - თავზესაყრელი მიმდინარე საქმეების მიუხედავად - გრძელვადიან, სტრატეგიულ სამიზნეებად დასახა: საზოგადოების ახლებურად სტრუქტურირება და მასში ახალი ეკონომიკური ინტერესების სტიმულირება; ეს სრულიად ახალი და ამბიციური ორიენტირები აქამდე გაუგონარ აზრს სძენს ცხოვრებას თანამედროვე საქართველოში. სააკაშვილის საქმიანობასა და რიტორიკაში აშკარად შეინიშნება ერის პოლიტიკური ნების მასტიმულირებელი, ამაღლებული იდეის გარშემო მობილიზების სურვილი. ეს სტრატეგიული, არამიმდინარე ამოცანები, რომლებიც არც ერთი მინისტრის თუ სახელმწოფო მოხელის სამუშაოს აღწერილობაში პირდაპირი ვალდებულების სახით არ წერია, არის ის ისტორიული მნიშვნელობის სიახლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა მოღვაწეობამ გამოკვეთა და რომლის დაუნახავობა და დაუფასებლობა მხოლოდ აბრკოლებს მის წარმატებას. ამ ზეამოცანების მიღწევა სააკაშვილმა მის გარშემო შემოკრებილი ელიტის არაპირდაპირ, დამატებით ვალდებულებად დასახა. ზოგი ახლომხედველი ანალიტიკოსი - სააკაშვილი ჩვეულებრივი პოპულისტი ლიდერი და დემოგოგი რომ ჰგონია - ვერ ამჩნევს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი მთავარ აქცენტს ხალხზე კი არა, სწორედ პოლიტიკურ ელიტაზე აკეთებს. ეს გათვლა სავსებით გასაგებია, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით; სააკაშვილის პოლიტიკური იერსახე უფრო ამერიკის დიდებაზე მზრუნველი ცნობილი ფედერალისტის, ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტის მსგავსია, რამდენადმე მაინც.

ალექსანდრ ჰამილტონი - ნაკლებდემოკრატი დემოკრატი დემოკრატ ლიდერებს შორის, - რესპუბლიკელი, არჩევითობის და სახელისუფლო როტაციის მომხრე, კერძო საკუთრების და საბაზრო ეკონომიკის ქომაგი, მაგრამ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპის მიმართ, როგორიც ქვეყნის მართვაში ხალხის ფართო მონაწილეობაა - სკეპტიკურად განწყობილი; მართვაში ხალხის მონაწილეობაზე მეტად, გამდიდრებისადმი დაუოკებელი ლტოლვის მქონე მოქალაქეთა მეოხებით, ამერიკის სახელმწიფო ძლიერების მიღწევის მოწადინე... სააკაშვილი ჰამილტონივით ცდილობს ჩვენს ხალხშიც გააღვივოს თაოსნობის და საქმოსნის ამბიცია, დანერგოს ახალი საზოგადოებრივი მორალი, მისცეს ხალხს რწმენა, რომ მათი ქვეყანა გასაქანის მქონე საქმიანობისთვის არის მოწოდებული და აღარ არის მიყრუებული პროვინცია. ახლა, როცა მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ჯერაც სიღარიბის მტვერშია ამოგანგლული, ამ მიდრეკილებებზე ლაპარაკი კაცს შეიძლება ბაქიბუქობად მოეჩვენოს, მაგრამ ტემპები, რაც სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას ააკრეფინა, ნებისმიერ მის ოპონენტს ადუმებს.

ამერიკელებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი დემოკრატიისადმი არც თუ ძლიერად მიდრეკილია, მაგრამ ამ ნაკლს სხვა ფაქტორი ანაზღაურებს, - გარემო, დემოკრატიზაციის გლობალური პროცესი, დასავლეთი და მისი პოლიტიკური ნება, რაც ლამის მავალდებულებელი იმპერატივია ჩვენისთანა, დასავლეთის პოლიტიკური შემწეობის მომლოდინე, ქვეყნისთვის. ტოტალიტარიზმის კრახიც ასევე ქმედითი ფაქტორია; როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს „ძველი კარგი ცხოვრების“ ნოსტალგია ელვის სისწრაფით გაღატაკებული ხალხის უფართოეს ფენებში, ელიტებს, გორბაჩოვის დროიდან მოყოლებული, შეგნებული აქვთ, რომ საბაზრო ეკონომიკის და კანონის უზენაესობის დემოკრატიული პრინციპების ცხოვრებაში გაუტარებლად, ქვეყნის კრახი გარდუვალია; ელიტების ეს პოზიცია დემოკრატიზაციის საჭიროების შეგნებას ხალხსაც უღვივებს. ასეთი მოცემულობის პირობებში კი, ნებისმიერი მმართველი იგრძნობს დემოკრატიული სტანდარტებისადმი ერთგულების ვალდებულებას. ეს გარემოება სააკაშვილის პოლიტიკურ პროფილს კიდევ ერთი „დამფუძნებელი მამის“, თომას ჯეფერსონის მიმდევრის იერ-სახით ამდიდრებს.

დემოკრატიზაციის პროცესი მის პოლიტიკურ ოპონენტებსაც აძლევს ხელს: დემოკრატიის თავისებურებები: პოლიტიკის გამჭირვალობა, საზოგადოებრივი კონტროლი, მართვაში ხალხის ჩართულობა - სახელმწიფო აპარატის (და მაშასადამე სააკაშვილის და მისი გუნდის) მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებისაგან ის დამზღვევი საშუალებებია, რომელიც ოპოზიციას უნარჩუნებს ფორმალურ წინაპირობას და იმედს, რომ, ერთხელაც, ხელისუფლებას ჩაენაცვლება. ამის გამო, პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებაზე იერიშს სწორედ დემოკრატიის ნორმების შესრულების მიმართულებით მიიტანს. ოპოზიციასთან პოლიტიკური კომპრომისის საჭიროების შეგნება კი კიდევ უფრო აძლიერებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯეფერსონიანულ მიდრეკილებებს და ფართო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრების ამოცანას თავის ადგილს უჩენს მის დღის წესრიგში.

პორტრეტი უფრო სრულყოფილი იქნება, თუ ყოველივე ზემოთქმულს იმასაც დავუმატებთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ქცევა ხშირად იმავე ამერიკული დემოკრატიის ე.წ. „ჰეროიკული“ ყაიდის სახელგასმენილი ლიდერების: თეოდორ რუზველტის, ან ჯონ კენედის ქცევის მსგავსია. ჰეროიკულობა სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტის იმდენად მკაფიო შტრიხია, რომ მის წარმოსაჩენად თვალის უბრალო გადავლებაც საკმარისია: პარლამენტის შენობის დამცავი ალყის გარღვევა ვარდების რევოლუციის კულმინაციურ მომენტში; ჩოლოქის მშვიდობიანი შტურმი; განმუხურში რუსი „სპეცნაზელების“ უკუგდება და სხვაც მრავალი... ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ბრიუს მაიოროფის თანახმად, ჰეროიკული ლიდერები „გადაცმული, კარნავალის დემოკრატები“ არიან, შინაგანად ჰამილტონიანელები და ელიტისტები, მაგრამ იმავე დროს, თუნდაც იძულებით, მაგრამ მაინც დემოკრატები, - ამერიკული საზოგადოება არადემოკრატიულ მმართველობას ხომ ვერანაირად ვერ იგუებს.
როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ფართო, წარმომადგენლობითი დემოკრატიისადმი ერთგვარი ლტოლვა ქართულ საზოგადოებაშიც, შეინიშნება, მაგრამ ჩვენს ხალხს ჯერ მაინც ბევრის სწავლა მოუწევს დემოკრატიზაციის ოღრო-ჩოღრო გზებზე და მისი ჰეროიკული შეფერილობის ლიდერის საქმიანობაც განსაკუთრებულ დატვირთვას სწორედ ამ კონტექსტში იძენს, - დიდი ჯეფერსონიანელის, ფრანკლინ დელანო რუზველტის თანახმად: „სახელმწიფო მოღვაწის დიადი ვალია, აღზარდოს თავისი ხალხი“. ხალხის ეს „აღზრდა“ კი პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ დემოკრატიის მაღალმორალური პრინციპების და სახელმწიფო იდეალებისადმი ერთგულების დემონსტრირებას მოითხოვს. შესაბამისად, სააკაშვილისათვის ყველაზე მტკივნეული მისი თანაგუნდელების მორალურ იერსახეზე მიმდგარი ჩრდილია. ამ მხრივ, „ფეკალიების“ ავტორის, ირაკლი ოქრუაშვილის რუსი ოლიგარქის ბანაკში გადაბარგება, უმძიმესი მორალური და პოლიტიკური დანაკარგი გამოდგა, მაგრამ ასეთი მარცხების მიუხედავად, თვითონ პრეზიდენტის მაგალითი, პოლიტიკური იდეალებისადმი მისი ერთგულება - საქართველოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოძრაობის კეთილი საწინდარია.

სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტი რთული, მრავალწახნაგა კონფიგურაციისაა, - მაიროფის სამი თანრიგის (ელიტისტი, დემოკრატი, ჰეროიკული ლიდერი) ერთ შუშხუნად შეზავებული კოქტეილი, - მარტივი ესკიზით მას ვერ გამოსახავ. ძალიან კი უნდათ რუს პიარტექნოლოგებს ჩვენი პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერის ყაიდის ნარცისიზმით დამძიმებულად, წარმოგვიდგინონ, მაგრამ მათი ვის სჯერა? საქართველოში საეჭვოდ მომძლავრებული ყვითელ-მოყავისფერო ბეჭდვითი მედიაც სულ ტყუილად იჭინთება ამ ვერსიის გასავრცელებლად: ნარცისი, თუ მას აბუჩად იგდებენ, იოლად ჰკარგავს წონასწორობას, მიხეილ სააკაშვილი კი ცილისმწამებლურ თავდასხმებს მამაცურად უმკლავდება. ნარცისიზმის ელემენტები მასთან, რა თქმა უნდა, შეიმჩნევა (მისი ექსპრომტად წარმოთქმული სიტყვები, ხშირად იწყება ფრაზით: „მე მინდა...“, ასევე ხშირად გაისმის მისი: „ჩვენ, ქართველები, ყველაზე მაგრები ვართ!“), მაგრამ საგანგაშო არაფერია, - ნარცისიზმი პოლიტიკოსების პროფესიული დაავადებაა, მთავარია, ვინ რა დოზით არის ნარცისი, ანუ ერევა თუ ვერა პიროვნება თავისსავე თავს. მიხეილ სააკაშვილს ათასჯერ დაუმტკიცებია, რომ საკმარისად ჯანმრთელია პოლიტიკოსთა პროფესიულ დაავადებასთან გასამკლავებლად; არავის იმდენ ტალახს არ ესვრიან თანამედროვე საქართველოში, რამდენსაც ქვეყნის მამაც პრეზიდენტს: ტვინისწამღებლად ღავღავებენ პროფესიონალი მყეფარები და დემაგოგები, შხამი და ბალღამი ამოსდით პირიდან - ქარავანი კი თავის გზით მიდის, ქვეყანა ფეხზე დგება.

ბიზნესის აყვავებისთვის აუცილებელი წინაპირობების მონაკვეთი (პატრული, საზოგადოებრივი წესრიგი, კორუფციის არსებითი შემცირება, საინვესტიციო გარემო, დიდი პრივატიზაცია, ელექტრომომარაგება, გზები) სწრაფად, თუმცა დიდი დანაკარგებით გაიარა და ჰორიზონტზეც ვეებერთელა პრობლემა აისვეტა, - ქართული სახელწმიფო. სააკაშვილს ბედმა ამ სახელმწიფოს მაშენებლის ხვედრი არგუნა და მის წინაშეც იგივე პრობლემა წამოიმართა, რაც დიდი და ბრწყინვალე ქართული სახელმწიფოს აღმაშენებლის წინაშე იდგა ათასი წლის წინ, - ქართული საზოგადოება.

ათასი წლის წინ ქართული სახელმწიფოს ანტაგონისტები (ხუმრობაგაშვებით თუ ვიტყვით: თანამედროვე ბაღაფშების წინამორბედი ბაღვაშები) ძალაუფლების სამამულო სისტემას იყვნენ შეფარებულები და ამ სისტემის სტრუქტურული დანაყოფებით შეჯავშნილები. სახელმწიფო სისტემასთან მათ დაპირისპირებას, სამომავლოდ, უკეთესი სცენარის შემთხვევაში, ამ დანაყოფთა სამოქალაქო საზოგადოების უჯრედებად გადაფორმება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში მოხდა. თუმცა მოგვიანებით, მეტისმეტად ცენტრალიზირებულმა, ძლიერმა ფრანგულმა სახელმწიფომ, რევოლუციური შემართებით გაანადგურა და დათრგუნა ისინი, ხოლო ქართულ ისტორიაში მოვლენები ფრანგულთან შედარებით წინაუკმოდ და კატასტროფულად განვითარდა: ქართული სახელმწიფო სისტემა აღმაშენებლის დროს ძლიერი იყო და აშკარად ჯაბნიდა ძალაუფლების სამამულო სისტემას, მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური ევოლუციის ასწლოვანმა პროცესმა საბოლოოდ მემამულური სისტემის ისეთი აღზევება გამოიწვია, რომ მან სახელმწიფო ძალაუფლება გააბათილა. ეს ვითარება, ალბათ, დროებით ხასიათს ატარებდა, მაგრამ საქართველო ისეთი ძლიერი და მუდმივი წნეხის გარემოცვაში იმყოფებოდა, რომ არანაირი ისტორიული წუთშესვენების უფლება გარეშე მტერმა მას არ დაუტოვა; მეზობელმა იმპერიამ - ხორეზმმა - გაუგონარი სისასტიკით გაგვინადგურა დასუსტებული დედასამშობლო და წინა აზიის უდიდესი ქალაქი (მაშინდელი მეგაპოლისი) თბილისი - მიწასთან გაასწორა...

ამის შემდეგ ქართულ საზოგადოებას მრავალი და მრავალი თაობის განმავლობაში მინიმიზირებული სახელმწიფო-დამცავი საწყისის პირობებში, ჯოჯოხეთურ ყოფაში მოუწია ცხოვრება. ასეთი მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის შედეგად, აღარც სახელმწიფო ვალდებულებებისადმი ერთგულების რაიმე ინსტინქტი და ინსტიტუციური მეხსიერება შეგვრჩა და ვეღარც სამოქალაქო ორგანიზების კულტურა გაგვივითარდა, თუ ამ უკანასკნელში კრიმინალურ საძმოებად დარაზმულობისადმი მიდრეკილებას არ ვიგულისხმებთ. ასეთი ტრადიცია მართლაც ძლიერია ჩვენში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიებიც კი ნახევრადგასამხედროვებულ ბანდებს უფრო ჰგავს, და კრიმინალური წარსულის მქონე რკინიკვნეტიათა რაზმეულებით. ამ პარტიების პარლამენტში, უფრო კი თბილისის საკრებულოში, მოღვაწეობა ჩხუბების და აყალ-მაყალის პროვოცირებით შემოიფარგლა, ხოლო პარლამენტს გარეთ, ქუჩაში, - აგრესიული მიტინგებისა და მასობრივი შიმშილობისადმი გენეტიკურ მიდრეკილებაში ვლინდება. მართლაც დიდი ოპტიმიზმი და შემართება გჭირდება ადამიანს ასეთი პოლიტიკური მოცემულობის პირობებში სახელმწიფო შენება განიზრახო; სააკაშვილის წინამორბედმა, მსოფლიო სახელის მქონე შევარდნაძემ, მაგალითად, ეს ვერ გაბედა.

ბეწვის ხიდს გადის ქვეყანა, რომლის საჭესაც ნიჭიერი და ახლა უკვე საკმარისი გამოცდილების პოლიტიკოსი აბრუნებს. მისი პოლიტიკური ოპონენტებიდან არც ერთია მისი ჯუფთი მოღვაწე, უმეტესი მათგანი, პოლიტიკოსის სახელსაც არ იმსახურებს! ისინი უფრო პოლიტიკაში ჩათრეულ დისიდენტებს თუ ადვოკატებს, უფრო მძიმე შემთხვევაში, მტრული სამსახურების მიერ გადაბირებულ კარიერისტებს, ან თავიანთი დანაშაულებრივი ბიზნესების ლობისტებს ჩამოჰგვანან.
მათ ხშირად „ვოჩდოგი ენჯიოსნები“, ზოგჯერ კი ადამიანის უფლებათა პროფესიონალი დამცველები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა არწივები უმაგრებენ ზურგს. კიდევ არა უშავს, თუ ისინი სამოქალაქო საზოგადოების ინტერესს გამოხატავენ და სახელმწიფოს ანტიპოდები სოციალურ როლთა ბუნებრივი განაწილების გამო არიან; თუმცა მათი ასეთი მაღალი მისწრაფება სასიკეთო მხოლოდ მაშინაა, როცა სასწორის მეორე პინაზე სახელმწიფოს მკვრივი სხეული დაიდებს ბინას - ჯერაც არ შედედებულ, რუსეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში მყოფ, ოთხიოდე წლის წარმონაქმნთან მწვავე დაპირისპირებამ კი შეიძლება დაარღვიოს პოლიტიკურ სისტემას და სამოქალაქო სტიქიას შორის წონასწორობა და ქვეყანა ისევ ანარქიის ქვესკნელში დანთქას. მართალია, ეს ქართველებისთვის ახალი არ იქნება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს სწორედ საიხლე სწყურია; ყოველივე ახალი კი, მოგეხსენებათ, კარგად დავიწყებული ძველია, - ახალი ქართული სინამდვილეც ლამის ათასი წლის წინათ შეწყვეტილი ძველი ისტორიაა; ქართული სახელმწიფო იმჯერადაც დიდი წვალებით და გარეშე აგრესიის პირობებში იშვა. მას ბრწყინვალება არ აკლდა, მაგრამ დღემოკლე ზეობა ჰქონდა; და როგორც ერთმა მოკლე დღემ, ისე გაირბინა ათასმა წელიწადმა ისტორიის უსასრულო ჟამთა სრბოლაში: უსამშობლობის, უსახელმწიფო ყოფის, გაუგონარი კირთების ხანამ, რომელმაც სახელმწიფოებრიობისათვის დამაშვრალ გმირებთან ერთად სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ აკაწკაწებულ მებრძოლთა წუნკალი მოდგმაც მოგვიჯიშა. მათი წარსულიდან გამოხმობილი ლანდები საავდრო ღრუბლებივით მოიქრუშა ქართული დღევანდელობის ცის კაბადონზე და უფრო სამოქალაქო, ვიდრე პოლიტიკური შემართების „ეროვნულ საბჭოდ“ დაეღირა ფორმირების სტადიაში მყოფ სახელმწიფოს.

მადლობა ღმერთს, ქართული საზოგადოების უმრავლესობა არა სამოქალაქო ანარქიას, არამედ სახელმწიფოს ემხრობა, ოღონდ ეს უმრავლესობა არ არის კონსოლიდირებული, მისი პოზიცია ჯერაც მყიფეა: უმრავლესობა პირადად პრეზიდენტს ენდობა, იმდენად პოლიტიკურ პრინციპებს არ ერთგულებს, რამდენადაც პიროვნებას, რომელმაც მოახერხა სახელმწიფოს შენარჩუნება რუსეთიდან მართული რევანშისტების წინააღმდეგ უმძიმეს რაუნდებში; თუმცა მასთან არა მარტო მისი ხალხი და მისი გუნდია, - ის დიდი წინამორბედების გრანდიოზული პოლიტიკური პროექტით არის ჩაგონებული (რასაც მისი ინაუგურაციის ცერემონიალების გელათში და ბაგრატში გამართვა მოწმობს). ცა ახურავს გუმბათად რუსეთის არმიის გენერლის, ავადსახსენებელი ტოტლებენის ქვემეხებით შემუსვრილ ბაგრატის ტაძარს, მის კედლებთან დადებული აღთქმა ამიტომ ვერ იქნება ლიტონი ცერემონია, - და პრეზიდენტი სააკაშვილიც ნათელმხილველის გამჭრიახობით გრძნობს ქართული სახელმწიფოს მაშენებელი წინაპრების პროექტის სიდიადეს და მათ ზეგარდმო მხარდაჭერას.
კეთილი სურვილებით, მშვიდობის და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ ჯოხაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100