სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„RMG“-ის თანამშრომლები, კაზრეთელები და არასამთავრობოები საპროტესტო აქციას მართავენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ დღეს საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის განხილვას აპროტესტებენ.

„RMG ჯგუფის“ თანამშრომლები „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ მოუწოდებენ, თავი დაანებონ კომპანიას და მათ მუშაობის საშუალება მისცენ.

მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი კომპანიის გაჩერება, ხალხის უმუშევრად დარჩენა და რეგიონში სოციალური ბუნტის გამოწვევაა.

„აქ ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩამოვა, რომ თქვას, კომპანია უნდა გაჩერდესო. რა კომისიაზეა საუბარი? მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი. ჩვენზე უკეთესად არავინ იცის რა იყო საყდრისი. იყო ერთი ბორცვი, რომელსაც ორი ნაპრალი ჰქონდა ამ ნაპრალებს ნუ გადააყოლებენ მთელ საქართველოს“, - განაცხადა „RMG ჯგუფის“ თანამშრომელმა გია მუშკუდიანმა.

კომპანიის თანამშრომლებისა და კაზრეთელების აქციას ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა.

„საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ მჭედლიძის განცხადებით, „RMG ჯგუფმა“ ადგილზე ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, დაბას თავი დაანებოს.

„გამოჩნდა, რომ საყდრისის კომიტეტის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ და "თავისუფალი დემოკრატები“ დგანან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი დაანებონ დაბას და ხალხი ამუშაონ. კომპანიამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რამ დაასპონსორა. ჩვენც მოგვცა საშუალება, რომ ეკოლოგიური კუთხით მონიტორინგი გავუწიოთ ადგილზე ვითარებას. არც დარჩა საყდრისი და რაღას იძიებენ?!“, - განაცხადა მჭედლიძემ.

თავის მხრივ კი, „განათლებისა და სოციალური პროექტების“ ხელმძღვანელმა ია ხაფთანმა განაცხადა, რომ კომპანიამ კეთილი ნება გამოიჩინა და ორგანიზაციას განათლების, კულტურის და სხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100