სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს ინიციატივა: ცუდი მშობლები 500 ლარით დაჯარიმდებიან

მშობლების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის მოვალეობას ვერ ასრულებენ, სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით დაწესებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

დღეს მოქმედი კოდექსის თანახმად, მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება, იწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, 200 ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, კანონის შესაბამის მუხლს ემატება ახალი ნორმა, რომელიც აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში გამეორებას შეეხება და მასზე სანქციას 800 ლარის ოდენობით აწესებს.

ასევე, ადმინისტრაციული სანქცია მკაცრდება და 300 ლარით განისაზღვრება ისეთ შემთხვევაზე, თუკი მშობლის ან სხვა პირის მხრიდან ადგილი აქვს არასრულწლოვანის დათრობას. დღეს ეს ქმედება იწვევს დაჯარიმებას ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100