სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთხელ XX საუკუნის საქართველოს სიმბოლური ნაკრების შესახებ

სურათზე, რომელიც თქვენს წინაშეა, გამოსახული არიან პელე და საბჭოთა კავშირის ნაკრების ქართველი ფეხბურთელები: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი.

დღევანდელი ახალგაზრდებისათვის არაფერია გასაკვირი ამ სურათში, მაგრამ ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია, აუცილებლად გაიკვირვებს – ან როგორ გაბედა ფოტოჟურნალისტმა ასეთი სურათის გადაღება და ან როგორ დაუბეჭდეს... რადგან ეს ის დრო იყო, როდესაც ტელეგადაცემის რედაქტორი, თბილისის „დინამოს" ევროპული ფინალის მატჩზე, სიტყვას აწყვეტინებდა დიქტორს ტერმინ „ქართველი ფეხბურთელების" ხმარების გამო.

მეორეს მხრივ, სურათი, სადაც პელე დგას საგანგებოდ შერჩეულ საბჭოთა ნაკრების ქართველი წევრების გარემოცვაში, ნატვრა იყო ყოველი ქართველი კაცისა – ერთხელ მაინც ეხილა თავისი ფეხბურთელები დამოუკიდებელი გუნდის სახელით საერთაშორისო არენაზე.

ხოლო, როდესაც ყველა სხვა დარგებთან ერთად, ქართულმა ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ეს დღე დაუყენა ქართულ ფეხბურთსაც და ის იყო უნდა შევდგომოდით გზას ოლიმპისაკენ, დაემხო ეროვნული ხელისუფლება და კრემლის ხელდასხმული სატრაპის მიერ საგანგებოდ იქნა ქართული ფეხბურთი დასამარებული ისე, რომ მომავალში ფეხზე ვეღარასოდეს წამომდგარიყო. მართლაც, დღემდე ვერცერთ საერთაშორისო დონის ასპარეზობაში ვერ გამოვიჩინეთ თავი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც, რაღა თქმა უნდა, უჩვენოდ მიმდინარეობს, ამის ნათელი დადასტურებაა.

მხოლოდ ქართველი ჭაბუკების ბოლოდროინდელი წარმატება გვაძლევს იმედს, რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც შევაღებთ ევროპული ასპარეზობის კარს და სპორტის ენაზე ვეტყვით: „ჩვენ ქართველები ვართ, მაშასადამე – ევროპელები"!

მანამდე კი, რადგან ევროპის ჩემპიონატში ვერ ვმონაწილეობთ და წამლად საგულშემატკივროც არავინ გვყავს, იმისათვის, რათა წარსულისაგან მაინც მიეცეთ ჩვენს ახალგაზრდებს სტიმული, ეროვნული სპორტული აზარტის გასაღვივებლად გთავაზობთ პატარა კონკურსს – თუკი ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში, პოლიტიკური ვითარების გამო, შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი საფეხბურთო გუნდის არსებობა, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა საქართველოს ნაკრები, ასეთი უფლება რომ გვქონოდა?

რამდენადაც ჩვენთვის ინტერნეტ–წყაროებიდან გახდა ცნობილი, სპორტული გაზეთის, „სარბიელის" ინიციატივით, 1998 წელს უკვე ჩატარებულა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის სიმბოლური ნაკრები უნდა გამოევლინა. გამოკითხვის შედეგად მაშინ ჩამოყალიბებულა საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: სერგო კოტრიკაძე;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი;

ნახევარმცველები: ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი;

თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ავთანდილ ღოღობერიძე, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

ახლა ჯერი ჩვენს მკითხველებზეა – კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, ვეთანხმებით თუ არა უკვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. დღეიდან, ჩვენი საიტის მოძრავ პანელზე გამუდმებით იტრიალებს ეს სიუჟეტი მთელი ჩემპიონატის მანძილზე და ყველას გექნებათ საშუალება ხმა მისცეთ საქართველოს ნაკრების თქვენთვის სასურველ წევრებს; ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გამოვაქვეყნებთ სიმბოლური ნაკრების შემადგენლობას – ან დადასტურებული სახით, ან თქვენეული კორექტივებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100