დღეს დიდგორობაა
საქართველოში დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.
დიდგორობისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის დიდგორში სცენა დამონტაჟდა.
ღონისძიებაში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.
წარმოდგენილი იქნება მონო-სპექტაკლიც, სადაც მსახიობები ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ. ღონისძიების მონაწილეები რეპეტიციებს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გადიან.
სახალხო დღესასწაული დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ სწორედ დიდგორის ველზე - თბილისის მისადგომებთან 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.
სხვადასხვა ცნობების მიხედვით, მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა 500-600 ათასამდე მერყეობდა, დავით IV-ის განკარგულებაში კი 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან - 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ჯვაროსანი.
უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა.
საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა.
ამ ბრძოლას ჟამთააღმწერლებმა "ძლევაი საკვირველი" უწოდეს.
დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ, გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
კომენტარი