სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკოსები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

„დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა“ _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.

რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ სხვადასხვა პარტიის წევრები და როგორია მათი არგუმენტები:

პოლიტიკური პარტიაახალი მემარჯვენეებისწარმომადგენელი მანანა ნაჭყებია: „რა თქმა უნდა, ხუდონჰესი, ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ის უნდა აშენდეს, რადგან ეს ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა გასათვალისწინებელია ის, თუ სად შენდება და რა უარყოფით შედეგებს მოიტანს. არსებობს ბევრი საკითხი, მაგრამ ხელისუფლებამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად ხუდონჰესს, ვიმეორებ, ასეთი პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე:

„ხუდონჰესი, როგორც პროექტი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, რა თქმა უნდა, მისაღებია და ის უნდა აშენდეს. თანაც, თუ ამ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის, წააადგება ეკონომიკას, ფინანსურად მოუტანს ქვეყანას სარგებელს, მით უფრო, მისი აშენება მნიშვნელოვანია. თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, კერძოდ მოსახლეობის ინტერესები. ამიტომ, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნები და დავაკმაყოფილოთ ისინი“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე: „ხუდონჰესის პროექტს აქვს ორი მხარე, ერთი ის, რომ ჰესის მშენებლობა და დამატებითი იაფი ენერგია ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მეორე კი ის, თუ როგორ აისახება მისი მშენებლობა გარემოზე, ეკოლოგიაზე. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჰესი ისე ავაშენოთ, ზიანი არ მიადგეს გარემოს და ამასთავე, მივიღოთ სარგებელი. ჰიდროენერგეტიკა გარემოზე ისეთ ცუდ გავლენას არ ახდენს, როგორც თბოელექტროსადგურები, მაგრამ ვიდრე რამეს ავაშენებთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ და შევისწავლოთ მისი გავლენა ეკოლოგიაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს, ჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ ალბათ, უნდა შეიცვალოს პროექტი. უნდა გვქონდეს ისეთი პროექტი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. არ უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ არც უნდა დავაგვიანოთ, რადგან იაფი ელექტროენერგია ქვეყნის ეკონომიკას ძალიან სჭირდება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100