ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
7 მაისი 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად, ლიბერთი ბანკი, მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:
- ხანდაზმული მოსახლეობის ინფორმირებას Covid-19 პრევენციის მიზნით. კერძოდ , მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის ქსელის მეშვეობით, გავრცელდება სპეციალურად 60+ ასაკის მოსახლეობისთვის შედგენილი ბროშურები. გაეროს მოსახლეობის ფონდი ლიბერთი ბანკთან ერთად, ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განახორციელებს ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.
- ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას გაუწევს „60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლებიც UNFPA საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩამოყალიბდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და განხორცილდება ხანდაზმული მოქალაქეებისათვის COVID-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდევების მოხსნის შემდეგ;
- ლიბერთი ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი განიხილავენ მომავალ შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის საქართველოში.
„დღეს, ჩვენ ვამაყობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ლიბერთის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ასაკოვან მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით. განსაკუთრებით დღეს, როცა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელია, ლიბერთი უწყვეტად ახორციელებს 60+ ადამიანებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს. მინდა მივესალმო ჩვენს ახალ პარტნიორს და იმედი მაქვს, ჩვენ ერთიანი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით ჯანსაღი დაბერებისა და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვნებას და ასევე, ვითანამშრომლებთ ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.“- განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა
„ვფიქრობთ, „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, „აქტიური და ჯანსაღი დაბერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორად გვეგულებოდეს „ლიბერთი“ - კომპანია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და მზადაა, ხანდაზმული მოქალაქეების, ქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მოახდინოს ინვესტირება. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც არავინ დარჩება განვითარების ტალღის მიღმა.“
კომენტარი