ვინ, სად და რა გააპროტესტა დღეს, 25 მარტს საქართველოში?
გთავაზობთ დღეს 25 მარტს, საქართველოს მაშტაბით გამართული აქციებისა და პროტესტის დაიჯესტს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში, სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ ადმინისტრაციულ შენობაში აქცია გამართა. მათი პრეტენზიები კონპენსაციის თანხის არათანაბარ გადანაწილებას ეხებოდა, რაშიც ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სტიქიის ზიანი არასწორად იქნა აღწერილი, რის გამოც შესაბამისი თანხები ვერ დარიგდა. ადგილობრივები დამატებით სიებში შეყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. ლაგოდეხის საკრებულოს და კომისიის წევრის დავით ლომიძის განცხადებით, ზარალის დათვლის დროს დაშვებულ შეცდომებზე მოგვიანებით კომისიის წევრები ერთად იმსჯელებენ, შეისწავლიან და რეაგირებაც მოხდება. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის წევრ ლიკა კურტანიძესა და ლაგოდეხის საკრებულოს წევრ დავით ლომიძეს შორის. კურტანიძის განმარტებით, ლომიძემ მისი ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ამ ფაქტს უარყოფს დავით ლომიძე.
დილიდან პარალიზებულია ფოთში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა. საწარმოს შესასვლელი თანამშრომლებს პიკეტირებული აქვთ. ორმა მუშამ შიმშილობა დაიწყო. სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, - მთავარი მოთხოვნებია. მეტალურგიული ქარხნის დირექციამ დღეს განცხადება პირველად გააკეთა და აქციის მონაწილეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა. დირექცია აცხადებს, 7 თანამშრომლის სამსახურში აღდგენის გარდა, აქციის მონაწილეების ყველა ულტიმატუმს შეასრულებს. გაფიცვა სამი დღეა მიმდინარეობს. ადგილობრივებს მეტალურგთა პროფკავშირიც შეუერთდა.
მერიის შენობის წინ სოციალურად დაუცველების აქცია გაიმართა. სხვადასხვა ობიექტში შესახლებული სოციალურად დაუცველები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის დროს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. აქციას თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ და პროტესტის მონაწილეებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს, რომელიც მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მერიის კომპეტენციას სცდება. მამუკა ქაცარავას თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრა ან სარეიტინგო ქულების მინიჭება მერიის პრეროგატივა არ არის. შენობები, რომლებშიც სოციალურად დაუცველები არიან განთავსებული, მათ დაქვემდებარებაში არ არის. სხვის ქონებასთან დაკავშირებით კი მერიას ქმედების უფლება არ აქვს.
ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" თავმჯდომარემ ფილიალის უფროსს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედა. მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ამ ფორმით მან ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება და სოციალური სააგენტოს მუშაობა გააპროტესტა. შემთხვევის ადგილზე სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი მივიდა და ღოღობერიძეს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ და ღოღობერიძეს შენობა დაატოვებინეს.
კომენტარი