ექსპერტთა ოთხეული ბანკებისთვის არასაბანკო საქმიანობის აკრძალვის წინადადებით გამოდის
ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ მორიგი ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართეს.
„ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია – კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალში საცემია შემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალო ვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა. აღნიშნული სამომავლოდ უცილობლად გამოიწვევს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, საბანკო სტრუქტურების ხელში მაღალი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას და დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას. რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს როგორც კონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზე წვდომას“ – ნათქვამია წერილში, რომლითაც ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავენ.
კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადების გარდა, ბრიფინგზე ერთ–ერთ აუცილებელ პირობად ექსპერტებმა სესხებისა და კრედიტების გაცემის კუთხით ბანკებთან უშუალო კავშირში მყოფი სუბიექტებისთვის (როგორც კომპანიები, ასევე საბანკო ადმინისტრატორის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირები) პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი დასვეს.
კომენტარი