ოპოზიციის აქციებზე დაკავებულების ნაწილი რეგიონების იზოლატორებში გადაიყვანეს - ერთ-ერთმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო
ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი რეგიონების წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.
გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია. ისინი ადგილზე გვიან ღამით მიიყვანეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადვოკატები და ოჯახის წევრები მათ ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ.
მათ მოსანახულებლად იზოლატორში ცოტა ხნის წინ მივიდა ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. დაკავბულებს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.
"არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ უკნიდან მიეპარნენ და მოიტაცეს. დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდნენ ახლობლებმა, სად ჰყავდათ ეს ადამიანები მოთავსებული. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ხმის ამოღებისთვის, პოზიციის დაფიქსირებისთვის გვსჯიან", - თქვა ადვოკატმა ლიკა ტურაშვილმა.
რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, გვიან ღამით ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს ზვიად კუპრავა, გოგა ონიანი და ბონდო თევდორაძე. გარდა ამისა, საგარეჯოს იზოლატორში არიან მოთავსებული დავით ნებიერიძე, ბადრი შუბლაძე და მურმან დუმბაძე. ნებიერიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები ერთდროულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.
კომენტარი