ყავის ჭარბი მოხმარება ჰალუცინაციებს იწვევს
დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია ცხოვრება ყავის გარეშე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები წუთიერ დასვენებასა და დაღლილობის მოხსნას, სწორედ ყავის მიღებაში ხედავენ. არაერთხელ გვსმენია ყავის იმ უარყოფითი თვისებების შესახებაც, რასაც ის ადამიანის ორგანიზმში იწვევს.
ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ან ვერ ამბობს უარს ყავის მიღებაზე და ეს პროცესი, შესაძლოა, ზოგიერთისთვის დღის განმავლობაში სამჯერ, ოთხჯერ და ხშირ შემთხვევაში ხუთჯერაც კი მეორდებოდეს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ყავის ერთ–ერთ უარყოფით თვისება გამოიკვლიეს: მისი გადაჭარბებული მოხმარება ჰალუცინაციებს იწვევს. აღნიშნული დასკვნა ავსტრალიის ლა ტრობეს უნივერსიტეტის მეცნიერმა გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორის, საიმონ კროუს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დღეში 5 ფინჯან ყავას მიირთმევს, მას ამ სასმელის მიმართ დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული. მეცნიერის განცხადებით, მატონიზირებული სასმელის მოყვარულებს, შესაძლოა, ჰალუცინაციები დაეწყოთ. ამასთან, მათ ვისაც ყავის სმის რიტუალი ძალიან იზიდავს, საკუთარ თავთან ლაპარაკიც სჩვევიათ.
„ყველაზე ნეგატიურ ეფექტს კი ადამიანი მაშინ წააწყდება, როდესაც ყავის დალევის სურვილი მას ძლიერი სტრესის შემდეგ გაუჩნდება. ფინჯან ყავის, სტრესისა და ნიკოტინის „ანსამბლი“ კი ადამიანის ფსიქიკაზე საბედისწერო ეფექტს ახდენს.“– აცხადებს მეცნიერი.
როგორც ექსპეტები აღნიშნავენ, ყავა არ არის დეპრესიული მომენტებისა და გაღიზიანებული ფსიქიკის მკურნალი. სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სტრესის დროს ყავისა და თამბაქოს მიღება, კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ავსტრალიელი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში სტრესული სიტუაციების დროს ადამიანმა თავი სწორედ მატონიზირებული სასმელების მიღებისგან უნდა შეიკავოს. უარეს შემთხვევაში ყავამანის ნერვულ სისტემას შესაძლოა ფატალური დაღი დაესვას. ადამიანთა დიდმა ნაწილმა იცის ყავის უარყოფითი თვისებების შესახებ, თუმცა მის მიღებაზე უარს არ ამბობს. მეცნიერები ამის მიზეზსაც ხსნიან. ყავის მიღებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები ნელ–ნელა ვითარდება ორგანიზმში და არ ახასიათებს რომელიმე ორგანოს ტკვილი.
კომენტარი