ლაშა ფარულავა: გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო პროცესის მანიპულაციის საშუალებას უტოვებს
საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო პროცესის მანიპულაციის საშუალებას უტოვებს, რადგან პროცესი მინდობილია მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკური ნებაზე - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქალბატონი
კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება საარჩევნო რეფორმასთან, თავისუფალ და გამჭირვალე
არჩევნებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამოწვევები და პრობლემები
ბევრია, რაც ხელისუფლების არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია.
„2020 წელს მთლიანად საარჩევნო სისტემის მიმართულებით
განვითარებულმა მოვლენებმა კვლავინდებურად დატოვა განცდა, რომ საარჩევნო სისტემაში
წარმოდგენილი ცვლილებები არ იყო ნაკარნახევი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების
მშენებლობის მოტივით, ამ გზით სახელისუფლებო პარტიამ მოახდინა პოლიტიკური კრიზისის
დაბალანსება და გაანეიტრალა როგორც ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტების,
ასევე საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებები.“- განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, ამის თაობაზე „სამოქალაქო პლატფორმა
20/20“-ის წინასაარჩევნო ანგარიშშიც გამახვილებულია ყურადღება და შემუშავებულია შესაბამისი
რეკომენდაციები.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკრეტული მაგალითი
თუ როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების ნება და როგორ შეუძლია მათ იმოქმედონ მოსყიდვის,
დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების გზით. იგივე
ბერკეტების დატოვება ხელისუფლებისთვის, რომელიც დადასტურებულად შემჩნეულია საარჩევნო მანიპულაციაში, არ იძლევა საშუალებას ქვეყანამ
ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები, სწორედ ამის საფრთხეს ხედავს
ჩვენი დასავლელი მეგობრები და აქვთ ადეკვატური პოზიცია.“- აღნიშნა ფარულავამ.
კომენტარი